სად არის პატიმარი, რომელიც ბაჩიაშვილის თქმით, საკანში თავს დაესხა?
სად არის პატიმარი, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, მას საკანში თავს დაესხა? - "პირველების" ინფორმაციით, კახი მეტრეველი, რომლის ქსნის ციხიდან გლდანის ციხეში ეტაპირება მოხდა და ივანიშვილის მილიარდების ყოფილ მმართველს საკანში შეუსახლეს, ამ დრომდე გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში რჩება.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, კახი მეტრეველს პენიტენციური დაწესებულება აგვისტოში უნდა დაეტოვებინა, სწორედ ამ დროს უმთავრდებოდა პატიმრობის ვადა, თუმცა როგორც "ტვ პირველმა" გაარკვია, მეტრეველი ისევ გლდანის მე-18 დაწესებულებაში იმყოფება.
გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, დავით ჯანდიერის განცხადებით, აღნიშნული პატიმარი დაკავებული ბიზნესმენის საკანში არ უნდა აღმოჩენილიყო და პენიტენციურს, მოპოვებული მტკიცებულებები, სავარაუდოდ, აძლევდა მხოლოდ ერთადერთი დასკვნას, რომ მართლაც მოხდა თავდასხმა ბაჩიაშვილზე, ამიტომ, ჯანდიერის თქმით, "ერთადერთი, რაც პენიტენციურ სისტემას დარჩა, ეს იყო დაებრალებინა მომხდარი თავად გიორგი ბაჩიაშვილისთვის".
ეს განცხადება ნამდვილად ადასტურებს, რომ თავდასხმა ნამდვილად განხორციელდა და თავდასხმა ნამდვიალდ იყო მძიმე. მასში მონაწილეობდნენ პენიტენციური სისტემის სხვადასხვა თანამშრომლები და ეს ორგანიზებული იყო მათი მხრიდან. ის პატიმარი გიორგისთან საკანში არ უნდა აღმოჩენილიყო და მოპოვებული მტკიცებულებები, სავარაუდოდ, იძლეოდა მხოლოდ ერთადერთი დასკვნის გაკეთების საშუალებას, ის რაც გიორგიმ თქვა, ამიტომ, მათი ინტერპრეტაცია იყო შეუძლებელი და ერთადერთი, რაც პენიტენციურ სისტემას დარჩა, ეს იყო დაებრალებინა მომხდარი თავად გიორგი ბაჩიაშვილისთვის. საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან გვაქვს კონტაქტი, რომ გიორგის ირგვლივ მიმდინარე სამართლებრივი პროცედურები და მათ შორის ის ინციდენტი, რომელსაც ჰქონდა ადგილი 11 ივლისს, გაგვეცნო და შესაბამისი კომუნიკაცია მივიღეთ იმის თაობაზე, რომ ისინი ყურადღებით ადევნებენ თვალყურს გიორგისთან დაკავშირებულ საკითხებს და ამას განიხილავენ იმ ფართო ჭრილში, რა პროცესებიც მიმდინარეობს ქვეყანაში, ადამიანსი უფლებების დაცვის, მართლმსაჯულების მიუკერძოებულობის და ზოგადად, დემოკრატიის თვალსაზრისით", - განაცხადა კანდიერმა.
- ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილის ცემის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად "ტვ პირველმა" გაავრცელა.
მოგვიანებით, "თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, გლდანის საპატიმროდან განცხადება გაავრცელა, სადაც თქვა რომ მას ციხეში 11 ივლისს თავს დაესხნენ. ბაჩიაშვილის ცნობით, 8 ივლისს, თავდაპირველად, ის N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.
- გუშინ კი განცხადება გაავრცელა პენიტენციურმა, სადაც ირწმუნება, რომ 11 ივლისს „გლდანის ციხეში“ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის ცემა შესაძლოა ინსცენირებული იყოს.
გავრცელებულ განცხადებაში, პენიტენციური წერს, რომ "გამოკვეთილი გარემოებები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ შესაძლოა სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და მსჯავრდებული გ. ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ".