ბრიტანელი ტურისტის ძარცვა და მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით - ერთ-ერთი დაკავებული 18 წლისაა

12.10.21 10:54
ბრიტანელი ტურისტის ძარცვა და მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით - ერთ-ერთი დაკავებული 18 წლისაა

28 წლის ბრიტანელი მუსიკოსის მკვლელობაში ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე გორის რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს.

"პირველების " ინფორმაციით, ტომ კენედის საქმეში ბრიტანული მხარე ოფიციალურად ჩაერთვება. 

ირკვევა, რომ სასტიკი მკვლელობის ბრალდებით ხუთ დაკავებულს შორის ერთი  არასრულწლოვანია. 

 "ტვ პირველის" ინფორმაციით, უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულებმა,  ბრიტანეთის მოქალაქის მკვლელობის შემდეგ, თომას კენედის მობილური ტელეფონი 350 ლარად, გორის ერთ-ერთ ლომბარდში დაალომბარდეს. 

"პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულებმა გამოიყენეს 28 წლის უცხოელის საბანკო ბარათი. 

კენედის მკვლელობის ბრალდებით, 4 პირია დაკავებული, მეხუთეს, ასევე ახალგაზრდა მუსიკოსს გამოძიება უმძიმესი დანაშაულის დაფარვას ედავება.

საზარელი მკვლელობა 7 ოქტომბერს მოხდა. ირკვევა, რომ  ბრიტანეთის მოქალაქეს ფიზიკურად მტკვრის მიმდებარედ გაუსწორდნენ და უგონო მდგომარეობაში მყოფი დანაშაულის დაფარვის მიზნით მდინარეში გადააგდეს. 

ბრალდებულები გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილები, ისინი ამ დროისთვის დუმილის უფლებით სარგებლობენ. 

დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.