მუსელიანცი: ამ წერილს წინასწარ ვწერ, ვიცი მომისჯიან...მზად ვარ მოვიხადო უსამართლო სასჯელი იმიტომ, რომ სამშობლო ჩემთვის ღირსებაა

22.08.25 13:27
მუსელიანცი: ამ წერილს წინასწარ ვწერ, ვიცი მომისჯიან...მზად ვარ მოვიხადო უსამართლო სასჯელი იმიტომ, რომ სამშობლო ჩემთვის ღირსებაა

არჩილ მუსელიანცის წერილი, რომელიც სინდისის პატიმარმა განაჩენის გამოცხადებამდე დაწერა. პროევროპული აქციის ფარგლებში დაკავებული 29 წლის მუსელიანცი, რომელსაც პარლამენტთან 534 ლარიანი ჯებირის დაზიანებას ედავებიან, წერილში წერს, რომ მზადაა სასჯელისთვის და წინასწარ იცის, რომ მიუსჯიან. 

"6 წელიც რომ მომისაჯონ, მე მზად ვარ მოვიხადო უსამართლო სასჯელი იმიტომ, რომ სამშობლოა ჩემთვის ღირსება" - წერს მუსელიანცი. 

სინდისის პატიმარს ერთი სათხოვარი აქვს - საზოგადოებას ბოლომდე ბრძოლისკენ მოუწოდებს -  "წარმოიდგინეთ, როგორ საქართველოში ვიცხოვრებდით თუკი გენერალი მაზნიაშვილი დანებდებოდა? და ილია ჭავჭავაძე? როგორი საქართველო იქნებოდა, რომ არა ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ბრძოლა? "

მინდა ყველას უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ ჩემი ცხოვრების რთულ ეტაპზე გვერდში დგომისთვის. ამ წერილს წინასწარ ვწერ იმიტომ, რიმ ვიცი მომისჯიან. 

მაინც შეასრულებენ ამ დავალებას. ჩემს სამომავლო პატიმრობის განცდას გეტყვით, საერთოდ არ განვიცდი, რადგან საპირისპიროდ ქვეყანაა და მისი მიმავალი. 6 წელიც რომ მომისაჯონ, მე მზად ვარ მოვიხადო უსამართლო სასჯელი იმიტომ, რომ სამშობლოა ჩემთვის ღირსება. 

ერთს გთხოვთ მხოლოდ - იბრძოლეთ! წარმოიდგინეთ, როგორ საქართველოში ვიცხოვრებდით თუკი გენერალი მაზნიაშვილი დანებდებოდა? და ილია ჭავჭავაძე? როგორი საქართველო იქნებოდა, რომ არა ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ბრძოლა? როგორ საქართველოში ვიცხოვრებდით, რომ არა შინდისის ვმირების სულისკვეთება? და როგორი იქნებოდა საქართველო გიორგი ანწუხელიძის გარეშე? ისინი ლამაზი, ბედნიერი და დამოუკიდებელი საქართველოსთვის იბრძოდნენ. ჩვენც ამისთვის ვიბრძვით და ამას აუცილებლად მივაღწევთ - ჩვემ ამას შევძლებთ! 

მიყვარხართ ყოველივე თქვენთაგანი. მეამაყებით ყოველივე თქვენთაგანი. გაუფრთხილდით ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი, სამშობლო ხომ სიყვარულია. სამშობლო ყოველივე თქვენთაგანია. 

შევხვდებით რუსთაველზე - იქ ვიზეიმებთ გამარჯვებას, სადაც ყველაფერი დაიწყო", - წერს არჩილ მუსელიანცი. 

ცნობისთვის, არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს. თავდაპირველად ის ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგში, აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლით ჩადენილი დანაშაულით, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას.