მუსელიანცი: რაც მე მაქვს გავლილი, ღმერთმა დაგიფაროთ ქალბატონო პროკურორო გაიაროთ, ხელს მოაწერთ კი არა კენედის მკვლელობას დაიბრალებთ
"რაც მე მაქვს გავლილი, ღმერთმა დაგიფაროთ ქალბატონო პროკურორო გაიაროთ, ხელს მოაწერთ კი არა კენედის მკვლელობას დაიბრალებთ" - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, არჩილ მუსელიანცმა მისი საქმის პროკურორს, ანი ხუბეჯაშვილს.
პროევროპული აქციის ფარგლებში დაკავებულმა პატიმარმა, რომელსაც 534 ლარის ღირებულების ჯებირის დაზიანებას ედავებიან, სხდომაზე საბოლოო სიტყვით ისარგებლა და მის მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და წამებაზე ისაუბრა - "გამოკითხვის ოქმებშია დეტალები, რითი მაშანტაჟებდნენ და მემუქრებოდნენ, მაწამებდნენ".
- არჩილ მუსელიანცი ამ წუთებში განაჩენის მოლოდინშია - მოსამართლე გიორგი არევაძე სათათბიროდ არის გასული.
ყოველი მოსვლის დროს ბრალდების მხარე მატყუებს და მატყუებს, ამტკიცებს ხელის მოწერები იყო ნებაყოფლობითიო, თუმცა რაც მე მაქვს გავლილი, ღმერთმა დაგიფაროთ თქვენ ქალბატონო პროკურორო გაიაროთ, ხელს მოაწერთ კი არა კენედის მკვლელობას დაიბრალებთ. ვადასტურებ, რომ ოქმებზე ჩემი ხელმოწერებია, მიიიღეს და თავი დამანებეს.ვიცოდი, რომ ამ ხელმოწერებს ძალა არ ექნებოდა სასამართლოში და თავი რომ დაენებებინათ , მოვაწერე.
საქმეში დევს ტანსაცმელი, რომელიც მეცვა, მაგრამ არ ჩადეს ზედა, რომელიც იყოს სისხლიანი, რა ტანჯვა-წამებაც გავიარე ამაზე აღარ ვისაუბრებ, გამოკითხვის ოქმებშია დეტალები, რითი მაშანტაჟებდნენ და მემუქრებოდნენ, მაწამებდნენ", - თქვა მუსელიანცმა.
არჩილ მუსელიანცმა სხდომაზე თქვა, რომ ვიდეომტკიცებულება მის წინააღდეგ დამონტაჟებულია „მიჭრილი და მოჭრილი". ის ამბობს, რომ ექსპერტმა ნინო გორაშვილმა სრულყოფილი ექსპერტიზა ვერ ჩაატარა.
დღეს არჩილ მუსელიანცის დასკვნითი სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. მოსამართლე გიორგი არევაძე სათათბიროდ არის გასული. სინდისის პატიმარს 3-დან 6-წლამდე პატიმრობა ემუქრება.