მუსელიანცი განაჩენს გაასაჩივრებს - ადვოკატის თქმით, სინდისის პატიმარი "შეწყალების თხოვნით არ მიმართავს მას, ვისაც პრეზიდენტს ეძახიან"
არჩილ მუსელიანცი განაჩენს გაასაჩივრებს - ადვოკატის თქმით, სინდისის პატიმარი "შეწყალების თხოვნით არ მიმართავს მას, ვისაც პრეზიდენტს ეძახიან".
რაც შეეხება გიორგი არევაძის გადაწყვეტილებას, უფლებადამცველი ამბობს, რომ მოსამართლემ განაჩენი "ზემოდან კარნახით" მიიღო, როცა თავსიუფლად შეეძლო საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოეტანა.
სასამართლო სისტემაზე წნეხი რომ არ ყოფილიყო, სრულიად შესაძლებელი იყო მოსამართლეს, დღეს, გამამართლებელი განაჩენიც გამოეტანა. უბრალოდ აქ დილემის წინაშე დგას მოსამართლე, მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება და დაუპირისპირდეს ხელისუფალს, რაც საფუძველშივე აფსურდი იყო, ამას არც უარვყოფდით ჩვენ, ან მეორე ვარიანტი - დაუჯეროს ზემოდან მოჩურჩულე ხალხს, რომლებიც კულისებში ეუბნებიან, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და მიიღოს ის გადაწყვეტილება.
გასაჩივრებას, კი ბატონო, ნამდვილად ვაპირებთ. რაც შეეხება შეწყალებას, პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს არის საფუძველშივე არის გამორიცხული, რადგან არჩილ მუსელიანცი არავითარ შემთხვევაში არ მიმართავს იმას, ვისაც პრეზიდენტს ეძახიან დღეს, ეს მისი პოზიციაა," - ადვოკატი.
დღეს, მოსამართლე გიორგი არევაძემ სინდისის პატიმარი, არჩილ მუსელიანცი 4 წლით ციხეში გაუშვა. სასამართლომ 29 წლის მუსელიანცს პატიმრობა 534 ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის მიუსაჯა.
ცნობისთვის, არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს. თავდაპირველად ის ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგში, აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლით ჩადენილი დანაშაულით, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას.