მუსელიანცის დედობილი: "არჩილ ჩვენ კარგად ვართ. ძლიერად ვარ, შენი თხოვნა შევასრულე - არ მიტირია"
"არჩილ ჩვენ კარგად ვართ. ძლიერად ვარ, შენი თხოვნა შევასრულე - არ მიტირია" - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარს, არჩილ მუსელიანცს დედობილმა, ცარო ოშაყმაშვილმა.
მისი თქმით, ისიც, მშობლებიც და მთელი საქართველო ბოლომდე იბრძოლებენ იმისთვის, რომ სინდისის პატიმრები ციხიდან გამოვიდნენ.
არჩილ ჩვენ კარგად ვართ. ძლიერად ვარ, პირველ რიგში, შენი თხოვნა შევასრულე - არ მიტირია. მომწერა და მითხრა, იცოდე ცრემლი არ დამანახოო. ვარ შემართებით და იცოდე ვიბრძოლებ, მეც მშობლებიც, შენი მომხრეებიც და მთელი საქართველო იმისთვის, რომ თქვენ გამოხვიდეთ ციხიდან და საქართველო იყოს აუცილებლად თავისუფალი, რომელსაც ნამდვილად უახლოეს მომავალში მივაღწევთ.
კიდევ ერთხელ მოვიშველიებ ზურას სიტყვებს, ბოლოს მაინც ცვენ გავიმარჯვებთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ," - განაცხადა ცარო ოშაყმაშვილმა.
დღეს, მოსამართლე გიორგი არევაძემ სინდისის პატიმარი, არჩილ მუსელიანცი 4 წლით ციხეში გაუშვა. სასამართლომ 29 წლის მუსელიანცს პატიმრობა 534 ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის მიუსაჯა.
ცნობისთვის, არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს. თავდაპირველად ის ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგში, აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლით ჩადენილი დანაშაულით, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას.