ადიგენსა და აჭარაში ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 2 პირი
სამართალდამცველებმა სამცხე-ჯავახეთსა და აჭარაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია ორი პირი.
ადიგენის მუნიციპალიტეტში დააკავეს თ.ღ., რომლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კალაშნიკოვის სისტემის „აკს“-ის მოდელის ავტომატი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
რაც შეეხება მეორე პირს - 1989 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ რ.მ.-ს, იგი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი 2 მჭიდი და 14 საბრძოლო ვაზნა.
დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.