24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა
1995 წლის 24 აგვისტოს, 17:50 საათზე, საქართველოს პარლამენტმა 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ ქვეყნის ძირითადი კანონი - საქართველოს კონსტიტუცია მიიღო.
თავდაპირველად, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია 1921 წლის კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე მუშაობდა, თუმცა საბოლოოდ გადაწყდა ახალი კონსტიტუციის მიღება.
საქართველოს კონსტიტუცია ძალაში 1995 წლის 17 სექტემბერს შევიდა – იმ დღეს, როდესაც ახლადარჩეული პარლამენტის უფლებამოსილება ოფიციალურად ცნეს. სწორედ მაშინ, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და პარლამენტის წევრებმა ხელი მოაწერეს კონსტიტუციის ოფიციალურ ტექსტს მთავრობის სასახლეში, იმავე შენობაში, სადაც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1991 წელს ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი გამოაცხადა.