პროკურატურა ფიქრობს, რომ სააკაშვილი ციხის საკნიდან ზეგავლენას მოახდენს მოწმეებზე - ადვოკატი

12.10.21 13:39
პროკურატურა ფიქრობს, რომ სააკაშვილი ციხის საკნიდან ზეგავლენას მოახდენს მოწმეებზე - ადვოკატი

ადვოკატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს პროკურატურა სატელეფონო  კომუნიკაციას მოწმეებზე შესაძლო  ზემოქმედების მოტივით უკრძალავს - ოფიციალური განმარტება საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველებმა რამდენიმე საათის წინ საგამოძიებო უწყებიდან მიიღეს.

შოთაძის უწყება ვარაუდობს, რომ ციხის საკნიდან, სადაც სააკაშვილი ხელისუფლებას 24 საათიანი კონტროლის ქვეშ ჰყავს, ის მოწმეებზე ზემოქმედებას შეძლებს. ეს არგუმენტი დაცვის მხარისთვის აბსურდულია.

ადვოკატების განმარტებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი 8 წლის განმავლობაში, რაც ბრალი წაუყენეს, თავისუფალი იყო და მოწმეებზე ზეწოლა თუ სურდა, ამას  ამ ხნის განმავლობაში თავისუფლად შეძლებდა.

ერთადერი აბსტრაქტული  ფრაზაა გამოყენებული, რომ მიხეილ სააკაშვილმა სატელეფონო კომუნიკაციით, შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს მის მიმართ წარმოებულ საქმეებზე, რაც სრული აბსურდია" - აცხადებს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.

ადვოკატების მტკიცებით, ტელეფონთან წვდომის შეზღუდვა ემსახურება ერთადერთ მიზანს, ,,ქართულ ოცნებას" სურს, მიხეილ სააკაშვილი იყოს იზოლიაციაში და მას საზოგადოებასთან კონტაქტი შეზღუდული ჰქონდეს.

გუშინ ჩავიბარეთ პროკურატურის დადგენილება ზარების შეზღუდვის თაობაზე, რაც ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშეა მოცემული. ციხიდან შეიძლებაო, მიშამ ადამიანებს დაურეკოსო. ეს ადამიანი 8 წელია, რაც მის მიმართ სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს, თავისუფლებაში იყო და უმაღლეს თანამდებობებზე იყო უკრაინაში და მაშინ დაურეკავდა , თუ სურდა. ვინმეს სმენია, რომ მიშა პროკურატურის მოწმეებთან კომუნიკაციაში იყო? ეს აბსურდია. - აცხადებს სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია.

შესაძლებელია ითქვას, რომ სააკაშვილის ადვოკატები თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში მიმართავენ სასამართლოს, დანიშნონ პროცესები 7 ნოემბრისა და ე.წ. პიჯაკების საქმეზე, მაგრამ უარს იღებენ. უფლებადამცველები აღნიშნულ გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.