სასამართლოში ანტონ ჩეჩინის პროცესი მიმდინარეობს - ადვოკატი მტკიცეულებების არარსებობაზე საუბრობს

25.08.25 11:30
სასამართლოში ანტონ ჩეჩინის პროცესი მიმდინარეობს - ადვოკატი მტკიცეულებების არარსებობაზე საუბრობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრის, ანტონ ჩეჩინის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. 

ადვოკატის, გიორგი ჩხეიძის განმარტებით, საქმეში არ არის წარმოდგენილი პირადი ჩხრეკის ვიდეოჩანაწერი და არ არის ნეიტრალური პირი, რომელიც ჩხრეკის სანდოობას დაადასტურებდა. შესაბამისად, უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ ანტონ ჩეჩინის საქმეზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს. 

არ არსებობს რაიმე სახის სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ ანტონ ჩეჩინის მიმართ სასამართლომ გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი. 

არ არის წარმოდგენილი არც რაიმე სახის ვიდეოჩანაწერი პირადი ჩხრეკის, არ არის წარმოდგენილი ნეიტრალური პირი, რომელიც დაადასტურებდა ჩხრეკის სანდოობას. გამომდინარე აქედან, სასამართლოს აქვს სრული შესაძლებლობა იმისთვის, რომ ანტონ ჩეჩინი გაამართლოს სრულად. 

თარჯიმანი შეიძლება იყოს ნეიტრალური პირი, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით, თავად შორენა ტაბატაძის, თარჯიმნის, ჩვენება ცხადყოფს, რომ რეალურად, ეს პიროვნება ვერ ჩაითვლება რაიმე სახის ნეიტრალურ პირად. საუბარი არის იმაზე, რომ 2019 წლიდან ეს ქალბატონი თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებებთან და ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე განმარტა, რომ იცნობს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თითქმის ყველა გამომძიებელს, თითქმის ყველა დეტექტივს და ყველა მათგანთან არაერთხელ მიუღია მონაწილეობა სხვადასხვა საგამოძიებო, თუ საპროცესო მოქმედებებში, თითქმის ყოველდღიურად. მილიონ ნახევარი ლარი აქვს აღებული ბოლო 6 წლის განმავლობაში ამ კომპანიას სახელმწიფოსგან. საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ სახელმწიფო უხდის ხელფასს ქალბატონო შორენა ტაბატაძეს," - განაცხადა გიორგი ჩხეიძემ.

ბრალდებული ანტონ ჩეჩინი მზადაა, დღევანდელ პროცესზე სიტყვით ისარგებლოს. მოისმენს თუ არა მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია ბრალდებულის საბოლოო სიტყვას, ჯერჯერობით უცნობია. 

შეგახსენებთ, რომ ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლოს მე-6 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა, ტარებას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები