სინდისის 8 პატიმრის საქმე - ადვოკატები დღეს დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ
თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის 8 პატიმრის საქმის განხილვა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე, დაცვის მხარის 8 ადვოკატიდან შვიდი დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.
ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატი საბოლოო სიტყვას 27 აგვისტოს იტყვის.
უკვე ისაუბრა ერთ-ერთი პატიმრის, ინსაფ ალიევის ადვოკატმა. აიჰან ჰასანლიმ სასამართლოს განუმარტა, რომ არცერთ მოწმეს არ მიუცია ჩვენება, რომლის თანახმადაც, მან პირადად იხილა ინსაფ ალიევი ჯგუფური ძალადობის პროცესში. მოწმეები არ მიუთითებენ, რომ სინდისის პატიმარი რუსთაველის გამზირზე, ინციდენტის ეპიცენტრში იმყოფებოდა და მის განვიტარებაში მონაწილებდა.
ამასთან, ინსაფ ალიევმა ქართული არ იცის, ის აზერბაიჯანულად საუბრობს. შესაბამისად, ადვოკატი სვამს კითხვას, როგორ მონაწილეობდა ალიევი ორგანიზებულ ქმედებებში? - მას მაგალითად მოჰყავს პროკურატურის მტკიცებულება, ზვიად ცეცხლაძის ვიდეო, რომელსაც საქმის მასალებში ხმა არ აქვს და სვამს კითხვას, ვის შეიძლება გადაეთარგმნა ინსაფ ალიევისთვის მისი შინაარსი, თუ დავუშვებთ, რომ პროკურატურის მტკიცება ორგანიზებაზე სწორია - "აღნიშნული ვიდეო ვერ ითვლება იმის დამადასტურებელ მტკიცებულებად, რომ ბრალდებულს ჰქონდა განზრახვა ან ცოდნა კონკრეტული მოწოდების ან კონტექსტის შესახებ," - აცხადებს ადვოკატი. ("რადიო თავისუფლება")
- დაკავებული 8 პირიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
- ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
[ფოტო: არქივიდან]