ანტონ ჩეჩინის საქმე - მოსამართლემ დასკვნითი სიტყვა მხოლოდ ერთ ადვოკატს ათქმევინა

25.08.25 13:42
ანტონ ჩეჩინის საქმე - მოსამართლემ  დასკვნითი სიტყვა მხოლოდ ერთ ადვოკატს ათქმევინა

სინდისის პატიმრის, ანტონ ჩეჩინის დღევანდელ პროცესზე მოსამართლე, ჯვებე ნაჭყებიამ დასკვნითი სიტყვის თქმის უფლება მხოლოდ ერთ ადვოკატს მისცა. შემდეგი სხდომა 27 აგვისტოს გაიმართება, სადაც მეორე ადვოკატი და ბრალდებული საბოლოო სიტყვას წარმოთქვამენ. 

მოსამართლე ანტონ ჩეჩინის საქმეზე განაჩენს, სავარაუდოდ, 27 აგვისტოსვე გამოაცხადებს. 

პატიმრის უფლებადამცველმა, გიორგი ჩხეიძემ მოსამართლეს განუცხადა, რომ საგამოძიებო უწყების თანამშრომლებს ჩეჩინის ჩხრეკის დროს, ჰქონდათ შესაძლებლობა ვიდეო გადაეღოთ და ამით დაედასტურებინათ საგამოძიებო მოქმედების სანდოობა, თუმცა ეს არ გაუკეთებიათ. 

ზურაბ რუსიშვილი, არჩილ ნაცვლიშვილი და შორენა ტაბატაძე პირდაპირ მიუთითებენ ჩვენებებში, რომ მათ პირადი ჩხრეკის მიმდინარეობისას თან ჰქონდათ ტელეფონები. მიუხედავად იმისა, რომ მათ ობიექტურად შეეძლოთ ადგილზე, ავტომანქანაში მოთავსების გარეშე, თუნდაც გაკავების, ძირს დაწვენის და მათ შორის ხელბორკილი გამოყენებით აღეკვეთათ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის "წინააღმდეგობა", მათ ეს არ გააკეთეს და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მოათავსეს დახურულ სივრცეში, რათა თვითმხილველთათვის არ ყოფილიყო ხილული მიმდინარე საგამოძიებო მოქმედება და მაშასადამე ნარკოტიკული ნივთიერების ხელოვნურად მოთავსების ფაქტი!" - განაცხადა გიორგი ჩხეიძემ. ("პუბლიკა")

შეგახსენებთ, რომ ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლოს მე-6 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა, ტარებას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.