ბიჭებმა ჩემს ძმას ტურისტის გაძარცვა შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს - მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ძმა

12.10.21 13:22
ბიჭებმა ჩემს ძმას ტურისტის გაძარცვა შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს -  მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ძმა

გორის რაიონული სასამართლო მოკლული ბრიტანეთის მოქალაქის საქმეზე დაკავებული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს.

5 დაკავებულიდან 4-ს, მათ შორის ერთ-ერთ არასრულწლოვანს, თომას კენედის განზრახ მკვლელობასა და ძარცვას ედავებიან,  ხოლო მეხუთეს, ვასილ ოქროპირიძეს, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად. 

ოქროპირიძის ოჯახის წევრები წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან და ირწმუნებიან, რომ ქუჩის მუსიკოსმა საზარელი მკვლელობის შესახებ არაფერი იცოდა. 

ტუილიად, უდანაშაულო ადამიანი დააკავეს, ის ამ მკვლელობასთან არავითარ კავშირში არ არის. "პაძემკაში" უკრავდა, როგორც ვიცი, 4 ბრალდებული ხშირად მიდიოდა ვასოს მოსასმენად"- განაცხადა ოქროპირიძის ოჯახის წევრმა. 

დაკავებული ქუჩის მუსიკოსის ძმა, "ტვ პირველთან" ამბობს, რომ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულებმა ვასილ ოქროპირიძეს ბრიტანელი ტურისტის გაძარცვა შესთავაზეს: 

დაკავებულებმა შესთავაზეს ჩემს ძმას ამ ადამიანის გაძარცვა, რაზეც ჩემი ძმისგან კატეგორიული უარი მიიღეს და მათთან არც წასულა. არ იცოდა, რომ მკვლელობა მოხდა"- აღნიშნავს ბრალდებულის ძმა.

"პირველების " ინფორმაციით, ტომ კენედის საქმეში ბრიტანული მხარე ოფიციალურად ჩაერთვება. 

 "ტვ პირველის" ინფორმაციით, უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულებმა,  ბრიტანეთის მოქალაქის მკვლელობის შემდეგ ტომას კენედის მობილური ტელეფონი 350 ლარად გორის ერთ-ერთ ლომბარდში დაალომბარდეს. 

"პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულებმა გამოიყენეს 28 წლის უცხოელის საბანკო ბარათიც. 

საზარელი მკვლელობა 7 ოქტომბერს მოხდა. ირკვევა, რომ  ბრიტანეთის მოქალაქეს ფიზიკურად მტკვრის მიმდებარედ გაუსწორდნენ და უგონო მდგომარეობაში მყოფი დანაშაულის დაფარვის მიზნით მდინარეში გადააგდეს.