"არ შევეგუებით ოკუპაციას" - „ოცნების“ წევრის სკანდალურ განცხადებას გორში მძაფრი პროტესტი მოჰყვა
„არ შევეგუებით ოკუპაციას“ - გორის ცენტრში საპროტესტო აქცია იმართება. ღონისძიების ფარგლებში მოქალაქეებმა საქართველოსა და ევროკავშირის გიგანტური დროშები გაშალეს.
აქციის მონაწილეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ წევრისა და გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის განცხადებებს, რომელიც მან ერთ-ერთ გავლენიან ამერიკულ გამოცემასთან ინტერვიუში გააკეთა.
რაზმაძემ განაცხადა, რომ 2008 წელს გორში რუსები თითქოს „მშვიდობისმყოფლის“ როლში შევიდნენ და დაამატა, რომ „ქალაქს მაშინ მიშას ხულიგნები ძარცვავდნენ“.
აქციის მონაწილეებმა რაზმაძის განცხადებები "ცინიკურ და დამამცირებლა" შეაფასეს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა რუსეთის აგრესია და ოკუპაცია დღემდე გრძელდება.
ეფ ეს ბეს ავადმყოფმა აგენტმა გაბედა და აქედან ბოდიში დაუანონსა რუს ნაძირლებს, სხვა სიტყვას ფიზიკურად ვერ გამოვიყენებ. ამ ბოდიშის გაგრძელებაა დავით რაზმაძის "მადლობა" და შემდგომ უკვე გაგრძელების სახით მოჰყვება მდინარაძის მიერ დაანონსებული ურთიერთპატიების შედეგად მიღწეული ტერიტორიების დაბრუნება. რომელ ურთიერთპატიებასა და ბოდიშზე ლაპარაკობენ ეს დეზერტირები, - ამბობს აქციის მონაწილე.
რაც რაზმაძემ იკადრა, ფსკერთანაც ვერ გავათანაბრებ. ძალიან გული მწყდება, რომ გორელებმა ტაში დაუკრეს ივანიშვილს, როცა განუცხადა, რომ თურმე უნდა მოვემზადოთ, რომ ჩვენო ბოდიში მოვუხადოთ რუსებს. ვინ რუსებს უნდა მოვუხადოთ ბოდიში ან ვონ ოსებს უნდა მოვუხადოთ ბოდიში?! ვინც ჩვენი ჯარისკაცების სახეებზე და სხეულზე თამაშობდნენ და დახტუნაობდნენ?!, - ამბობს კიდევ ერთი მოქალაქე.
ცოტა ხნის წინ განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა გააკეთეს და დავით რაზმაძის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება დააანონსეს. მათი თქმით, 12 ხმა საკმარისია იმისთვის, რომ გორის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყოს.