ბოლო ცნობები სინდისის 8 პატიმრის სასამართლო პროცესიდან
თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის 8 პატიმრის სასამართლო პროცესი გრძელდება. ამ დროისთვის მოსამართლეს სიტყვით თორნიკე გოშაძისა და ირაკლი მიმინოშვილის ადვოკატი, ნინო ლომინაძე მიმართავს.
უფლებადამცველის განცხადებით, სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას ვერცერთმა გამოკითხულმა მოწმემ ვერ მიუთითა იმაზე, რომ მათ დაინახეს ბრალდებულებმა როგორ მიაყენეს მას ან სხვა პირებს ზიანი.
ამასთან, ადვოკატის თქმით, არსად ჩანს ისვრის თუ არა თორნიკე გოშაძე რამეს და მითუმეტეს პოლიციელების მიმართულებით.
ნინო ლომინაძემ განმარტა, რომ ვიდეო მტკიცებულება, რომელზე დაყრდნობითაც გამომძიებელმა დავით ქიტიაშვილმა მიუთითა, რომ ირაკლი მიმინოშვილი პოლიციელების მიმართულებით საგანს ისვრიდა, მონტაჟი აღმოჩნდა.
ვერცერთმა მოწმემ ვერ მიუთითა, რომ დაინახა ბრალდებულებმა როგორ მიაყენეს მას ზიანი ან სხვ აპირებს, როგორ დააზიანეს სხვისი ქონება, შესაბამისად თავად დაზარალებულები უთითებდნენ სხვა ლოკაციებს, ვიდრე თორნიკე გოშაძე და ირაკლი მიმინოშვილი შესაძლოა იყვნენ.
საინტერესო ფაქტია, რომ არცერთ ვიდეოს გარდა იმისა, რომ არის მონტაჟი და არ არის უტყუარი მტკიცებულება არ აქვს მითითება თუ სად არის გადაღებული, რომელ საათზე, არ დგინდება მისი წარმომავლობა, ასევე არ ჩანს არცერთ ვარიაციაში თორნიკე გოშაძე ისვრის თუ არა რამეს და მითუმეტეს პოლიციელების მიმართულებით, არაფრით დგინდება, რომ ირაკლი მიმინოშვილი ისვრის თუ არა რაიმე მკვრივ საგანს, განსაკუთრებით პოლიციელების მიმართულებით.
ერთადერთ ვიდეო მტკიცებულება, რომელიც გამომძიებელმა დავით ქიტიაშვილმა დაათვალიერა და მიუთითა, რომ პოლიციელების მიმართულებით ისროდა მიმინოშვილი, აღმოჩნდა მონტაჟი," - განაცხადა ნინო ლომინაძემ.
დღევანდელ პროცესზე სასამართლოს შოთა თუთბერიძემ და რევაზ აჭარაძემაც უნდა მიმართონ.
მანამდე სასამართლოს სიტყვით მიმართეს ინსაფ ალიევის ადვოკატმა და ვეფხია კასრაძის უფლებადამცველებმა.
ასევე ცოტა ხნის წინ სასაწრაფო იყო გამოძახებული სხდომათა დარბაზში. ინსაფ ალიევს ექიმების დახმარება დასჭირდა. სინდისის პატიმარს მაღალი წნევა ჰქონდა, რის გამოც პროცესი რამდენიმე წუთით შეწყდა. როგორც ალიევმა თქვა, მისი აღელვება სხდომათა დარბაზში მცირეწლოვანი შვილის დანახვამ გამოიწვია.
- დაკავებული 8 პირიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
- ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
[ფოტო: არქივიდან]