უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ნებისმიერ ნეგატიურ გადაწყვეტილებაზე სრული პასუხისმგებლობა "ოცნების" ხელისუფლებას ეკისრება - არასამთავრობოები
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა სერიოზულ საფრთხეშია, - ამის შესახებ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს. მათი თქმით, "ოცნებამ" არ შეასრულა ევროკავშირის რეკომენდაციები, რომლებიც ეხებოდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, რეპრესიული კანონების გაუქმებასა და კორუფციასთან ბრძოლას.
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ რეგიონული ოფისების ხელმძღვანელმა ზვიად ქორიძემ აღნიშნა, არსებული კურსის გამო რეალურია საფრთხე, რომ საქართველოს მოქალაქეებმა დაკარგონ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა, რაც ქვეყნის ევროპულ მომავალს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს. მისი თქმით, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ნებისმიერ ნეგატიურ გადაწყვეტილებაზე სრული პასუხისმგებლობა "ოცნების" ხელისუფლებას ეკისრება.
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპის ქვეყნებში თავისუფალი გადაადგილების ერთ-ერთი უმთავრესი გარანტიაა, სერიოზულ საფრთხეშია. მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის ჯერ კიდევ 2024 წელს გაცემული რეკომენდაციები, რომლებიც მოითხოვდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, თავისუფლების შემზღუდავი რეპრესიული კანონების გაუქმებას, კორუფციასთან სისტემურ ბრძოლას ყველა დონეზე. უფრო მეტიც, 2025 წელი კიდევ უფრო დამაზიანებელი აღმოჩნდა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის. 2024 წლის გაყლაბებული არჩევნების შემდეგ საქართველოში გვყავს 65 სინდისის პატიმარი, დამატებითი რეპრესიული კანონები მიიღეს და დღემდე გრძელდება ადამიანტა დევნა.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ხელისუფლებამ 2025 წლის აგვისტომდე უნდა მიაწოდოს ევროკავშირს საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს დგამდეს არსებული სავალალო მდგომარეობის გამოსასწორებლად და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, ის აძლიერებს ანტიდასავლურ პროპაგანდას.
ხელისუფლების ამ ქმედებების გამო, რეალურია საფრთხე, რომ საქართველოს მოქალაქეებმა შეიძლება, დავკარგოთ ის შესაძლებლობები, რაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლამ მოგვცა - ოჯახის წევრებთან შეხვედრა, თავისუფლად მოგზაურობა, მკურნალობა, სწავლა, მუშაობა და განვიტარება ევროპულ სივრცეში.
საქართველო ევროპული ოჯახის წევრია. ჩვენ ისე, როგორც საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტს, გვჯერა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, მაგრამ ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ამ მომავალს სპობს. როგორც ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად აუცილებელია, შეწყდეს რეპრესიები, გათავისუფლდნენ უსამართლოდ დაპატიმრებულები, გაუქმდეს რეპრესიული კანონები, დაიწყოს ღია და სანდო დიალოგი არსებული კრიზისის დასაძლევად.
ჩვენ, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით, ნებისმიერ ნეგატიურ გადაწყვეტილებაზე სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ხელისუფლებას და მივიჩნევთ, რომ ჩვენი ევროპული მომავლის დათმობა დაუშვებელია. აუცილებელია, დავიცვათ უვიზო მიმოსვლა, დავიცვათ საქართველოს ევროპული გზა, - განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" რეგიონული ოფისების ხელმძღვანელმა ზვიად ქორიძემ.