საბა სხვიტარიძე განაჩენის მოლოდინში - სასამართლოში დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს

26.08.25 11:57
საბა სხვიტარიძე განაჩენის მოლოდინში - სასამართლოში დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს

საბა სხვიტარიძე განაჩენის მოლოდინში - თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, საბა სხვიტარიძის დასკვნითი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო პროცესს ესწრება თავად ბრალდებულიც.

  • სხვიტარიძეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის, მირიან ქავთარაძის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ედავებიან.

ამ წუთებში, სასამართლოში ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. მისი თქმით, საქმეში ნეიტრალური ვიდეომასალა წარმოდგენილი არ არის და რაც საქმეში დევს, ის უტყუარობის სტანდარტით არაა წარმოდგენილი.

სინდისის პატიმარ, საბა სხვიტარიძეს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა. მას ბრალი პოლიციელზე თავდასხმიდან 120-ე მუხლის პირველი ნაწილით შეუცვალეს, რაც ზოგადად ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული კი "ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ".

აქტივისტი საბა სხვიტარიძე 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს, მას ამავე დღეს, თავისუფლების მოედანზე  სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას ედავებოდნენ.

ხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ არსებობს არაერთი საჯაროდ გაკეთებული განცხადება, რომ საბა სხვიტარიძე დაკავების შემდეგ, სასტიკად სცემეს და წამებასთან გათანაბრებულ პირებებში ამყოფეს - ადვოკატის და ოჯახის თქმით, ამის არაერთი მტკიცებულება არსებობს, თუმცა საქმეზე არც ერთი მოძალადე არ დაუსჯიათ.

მსგავსი სიახლეები