"სინდისის პატიმრების მხარეს სიმართლეა, ბრალდების მხარეს კი უსამართლობაში ჩაკარგული სამართალი" - ეკა ბესელიას სიტყვა სასამართლოზე

26.08.25 12:20
"სინდისის პატიმრების მხარეს სიმართლეა, ბრალდების მხარეს კი უსამართლობაში ჩაკარგული სამართალი" - ეკა ბესელიას სიტყვა სასამართლოზე

"ამ საქმის მიმდინარეობის დროს, ბევრჯერ ვიგრძენი სირცხვილი - იმის გამო, როგორ ანადგურებდნენ სამართლის სახელით სიმართლეს!" - ამ სიტყვებით დაიწყო ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა, ეკა ბესელიამ სინდისის 11 პატიმრის პროცესზე დასკვნით სიტყვის წარმოთქმა.

იურისტმა სხდომაზე თქვა, რომ სინდისის პატიმრების მხარეს სიმართლეა, ხოლო ბრალდების მხარეს - უსამართლობაში ჩაკარგული სამართალი.

ბესელიამ სასამართლოს პირდაპირ უთხრა, რომ დღეს მართლმსაჯულება პოლიტიზირებულია და მიუხედავად იმისა, რომ არ აპირებდა სასამართლოში სიტყვით წარდგომას, სინდისის პატიმრების გამო, 13 წლის შემდეგ პირობა შეცვალა. 

ამ საქმის მიმდინარეობის დროს, ბევრჯერ ვიგრძენი სირცხვილი - იმის გამო, როგორ ანადგურებდნენ სამართლის სახელით სიმართლეს!
ბევრი ადამიანის სათქმელით მოგმართავთ სინდისის პატიმრების საქმეზე. მათ მხარეს სიმართლეა და ბრალდების მხარეს - უსამართლობაში ჩაკარგული სამართალი.
ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ამ პროცესზე გამოსვლა:
რატომ ვფიქრობდი ამდენს?

დღეს მართლმსაჯულება პოლიტიზირებულია! სასამართლო ხელისუფლება შეზრდილია საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან.
დღეს მოსამართლეთა უმრავლესობას არა აქვს თავისუფლება, დამოუკიდებლობა და რამდენიმე ცალკეული მოსამართლის გარდა, ვერ ვხედავთ თავისუფლებას მოსამართლეების გადაწყვეტილებებში. ეს მაგონებს იმ წლებს (2005-12 წწ), როდესაც სრულად მოხდა სასამართლო ხელისუფლების დამორჩილება და რომლის გამო დამჭირდა მებრძოლა ამ თავისუფლებისთვის ბევრი წელი სასამართლოს დარბაზის მიღმაც!
ეს ბრძოლა არ დასრულებულა და საკუთარ თავს ვუთხარი, რომ მხოლოდ მაშინ მივმართავდი მოსამართლეს დარბაზში, როდესაც მისი თავისუფლება დაბრუნდებოდა!
და რამ გადამაწყვეტინა ამდენი წლის შემდეგ მოგმართოთ? - სწორედ ამ ადამიანების გამო შევცვალე პირობა, რომელიც საკუთარ თავს მივეცი!
მთავარი ეს ადამიანები არიან, ისინი იმსახურებენ ჩემს განცდასა თუ ემოციებზე, სურვილებზე მაღლა მათი ინტერესები დავაყენო!", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები