ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, 2012 წლის შემდეგ პირველად, წინასაარჩევნო მონიტორინგს არ ჩაატარებს

26.08.25 12:44
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, 2012 წლის შემდეგ პირველად, წინასაარჩევნო მონიტორინგს არ ჩაატარებს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს, რომ 2012 წლის შემდეგ პირველად, წინასაარჩევნო მონიტორინგს არ ჩაატარებს.

ორგანიზაციის განმარტებით, ქარტია წლების განმავლობაში წინასაარჩევნო პერიოდში მედიების მიერ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებას იკვლევდა - მათ შორის, პოლიტიკური მიკერძოების გამოვლენასა და პროფესიულ სტანდარტებთან შესაბამისობას.

ქარტიის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულმა რეპრესიულმა კანონებმა და ხელისუფლების პოლიტიკამ, რომელიც მედიისთვის დამაზიანებელია, შეუძლებელი გახადა მსგავსი საქმიანობის განხორციელება. ორგანიზაციამ დაკარგა წვდომა იმ დასავლელი დონორების ფინანსებზე, რომელთა მხარდაჭერითაც წლების განმავლობაში ახორციელებდა მედიამონიტორინგის მასშტაბურ პროექტებს.

მედიაკონტენტის მონიტორინგი, რომელიც იძლევა არჩევნების სამართლიანობის შესაფასებლად მნიშვნელოვან ინფორმაციას, მნიშვნელოვანია თავად მედიასაშუალებებისთვისაც, შეცდომების დასანახად და სამომავლოდ მათი გამოსწორებისთვის,- აღნიშნავს ქარტია.

ქარტიის ცნობით, საარჩევნო კონტენტის მონიტორინგი პირველად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ჩატარდა, ხოლო ბოლოს - 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. 2021 წლის მუნიციპალური არჩევნებისას კი ქარტია აკვირდებოდა ახალი ამბების გაშუქებას და პოლიტიკური ტოკშოუებს ექვს ტელეარხსა და ცხრა ონლაინ მედიასაშუალებაში.

ამჟამად, ორგანიზაცია მხოლოდ საბაზისო ფუნქციებს ახორციელებს - მოქალაქეთა განცხადებების განხილვას პროფესიული სტანდარტების დარღვევაზე, თუმცა ახალი პროექტების განხორციელებას და ჟურნალისტური თემისათვის საჭირო სერვისების მიწოდებას ვეღარ ახერხებს.

მსგავსი სიახლეები