ნიკა კაციას საქმე - დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისთვის ემზადება

26.08.25 15:19
ნიკა კაციას საქმე - დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისთვის ემზადება

თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრის, ნიკოლოზ კაციას პროცესი იწყება. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოთქვას. 

სინდისის პატიმარი მზად არის, რომ დღესვე წარმოთქვას საბოლოო სიტყვაც, თუმცა უცნობია ამავე პროცესზე გამოაცხადებს თუ არა მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილი გადაწყვეტილებას. 

ნიკა კაციას ადვოკატის, ნინო ლომინაძის განცხადებით, დასკვნით სიტყვაში დაცვის მხარე ყველა დეტალზე ისაუბრებს, რომელიც უკანონო იყო. ასევე იმაზე, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სტანდარტების დაკმაყოფილება. 

მისი თქმით, ნიკოლოზ კაციას მიმართ გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს, არა იმიტომ, რომ ვიღაცამ კეთილი ნება გამოიჩინა, არამედ იმიტომ რომ არ არსებობს მტკიცებულებები. 

დღეს ნიკოლოზ კაციას სისხლის სამართლის საქმეზე ვამბობთ დასკვნით სიტყვას, სადაც ყველა დეტალზე, რომელიც იყო უკანონო და შესაბამისად ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო იმ სტანდარტების დაკმაყოფილება, რაც აუცილებელი იყო სისხლის სამართლის საქმის წარმოებისთვის ვერ დააკმაყოფილა და შესაბამისად გავამახვილებთ ყურადღებას და მივმართავ სასამართლოს, რომ მიაქციოს ყურადღება იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რაზეც გამომძიებლებმა ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები. მათი უსუსური და აბსურდული არგუმენტაციით, რატომ ვერ მოხდა ვიდეო გადაღება, რატომ ვერ იქნა ნეიტრალური მოწმის ჩართვა პირადი ჩხრეკისას.

მოლოდინი მაქვს, რომ ნიკოლოზ კაციას მიმართ უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი. არა იმიტომ, რომ ვიღაცამ კეთილი ნება გამოიჩინოს, არამედ იმიტომ, რომ ნიკოლოზ კაციას მიმართ არ არსებობს არანაირი მტკიცებულებით სტანდარტი, რომელიც მისცემს ობიექტურ პირს იმის საშუალებას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს," - განაცხადა ნინო ლომინაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. მას რეჟიმი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას ედავება. ბრალი 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.