"რას ვედავებით ლუკა ჯაბუას? როდესაც აშკარაა, რომ არცერთი დაზარალებული მისი მხრიდან არ დაზიანებულა" - ადვოკატი
სინდისის 11 პატიმრის პროცესი გრძელდება - მოსამართლეს დასკვნითი სიტყვით ლუკა ჯაბუას ადვოკატმა, რუსუდან აგურაშვილმა მიმართა.
უფლებადამცველის განცხადებით, მოწმეთა ჩვენებებით დამტკიცდა, რომ ლუკა ჯაბუას არავინ დაუზიანებია, ვიდეოჩანაწერის გამოკვლევით კი დამკიცდა, რომ ბრალდებული პოლიციის მიმართულებით არაფერს ისვრის.
ამასთან, რუსუდან აგურაშვილის თქმით ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომელიც რომელიმე ბრალდებულთან წარსულის ნაცნობობის ფაქტს დაადასტურებდა.
ბრალდების მხარეს, უნდა წარმოედგინა მტკიცებულება, რომლითაც დაადასტურდებოდა:
- ლუკა ჯაბუას წარსული ნაცნობობის ფაქტი რომელიმე ბრალდებულთან;
- ლუკა ჯაბუასა და ბრალდებულების წინასწარ შეკავშირების ფაქტი;
- ლუკა ჯაბუას მიერ, ბრალად წარდგენილი ქმედების ვინმეს მითითებით შესრულების ფაქტი;
- ლუკა ჯაბუას მხრიდან, 29 ნოემბერს, აქციაზე კონკრეტულ დროსა და კონკრეტულ ადგილზე ვინმეს მითითებით ყოფნის ფაქტი;
- ორგანიზატორის ან ხელმღვანელის არსებობის ფაქტი;
- ლუკა ჯაბუასა და ორგანიზატორის ან ხელმძღვანელის კავშირის დამადასტურებელი ფაქტი.
რას ვედავებით ლუკა ჯაბუას? როდესაც აშკარაა, რომ არცერთი დაზარალებული მისი მხრიდან არ დაზიანებულა. ეს გამოიკვეთა მოწმეთა ჩვენებებით, ვიდეოჩანაწერის გამოკვლევით, სადაც აშკარაა რომ პოლიციის მიმართულებით არაფერს ისვრის, წარმოდგენილი პოლიციელი მოწმეთა ჩვენებებით, რითიც დამტკიცდა რომ მას, ზემოთ ხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, არავინ დაუზიანებია და ბოლოს, იმ საგნის არ ქონით, რომელიც ადამიანის ან ცოცხალი ობიექტების დაზიანებას შეძლებდა. საუბარი აღარაა იმ გარემოებაზე, რომ პარლამენტის მიმდებარედ სხვადასხვა ტერიტორიაზე დაზიანებულ მუნიციპალურ ქონებას ლუკა ჯაბუას ვერ შევურაცხავთ ბრალად, ვინაიდან ჭიჭინაძის ქუჩაზე ყოფნით ფიზიკურად შეუძლებელია სხვა ქუჩებზე რაიმე ობიექტების დაზიანება," - განაცხადა რუსუდან აგურაშვილმა.
მანამდე დასკვნითი სიტყვით სასამართლოს მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის დაცვის მხარემ მიმართა.
ცნობისთვის, დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.