"მოძრავ მდგომარეობაში მყოფი ატრაქციონის ბორბალი აცდა რელსს" - რა მოხდა მთაწმინდის პარკში

26.08.25 16:44
"მოძრავ მდგომარეობაში მყოფი ატრაქციონის ბორბალი აცდა რელსს" - რა მოხდა მთაწმინდის პარკში

"მთაწმინდის პარკი" 24 აგვისტოს ატრაქციონ „მხიარულ მატარებელზე“ მომხდარ შემთხვევას განცხადებით ეხმაურება და წერს, რომ მოძრავ მდგომარეობაში მყოფი ატრაქციონის ბორბალი რელსს აცდა, თუმცა წონასწორობა შეინარჩუნა და რელსიდან არ გადასულა.

მათივე განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ არ დაშავებულა.

როგორც "მთაწმინდის პარკი" იტყობინება, ადგილზე ოპერატიულად მივიდა პარკის ტექნიკური ჯგუფი და უსაფრთხოების სამსახური. მას შემდეგ ატრაქციონი არ ჩართულა და მიმდინარეობს მისი დეტალური  შემოწმება.

მოგესალმებით მეგობრებო,
გვსურს გამოვეხმაუროთ ატრაქციონ „მხიარულ მატარებელზე“ მომხდარ შემთხვევას. 
კვირა საღამოს,  24 აგვისტოს, მოძრავ  მდგომარეობაში მყოფი  ატრაქციონის ბორბალი აცდა რელსს,  ამოქმედდა ატრაქციონის უსაფრთხოების დამცავი მექანიზმი, რომელმაც მომენტალურად გააჩერა იგი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში.  ვაგონი მცირედით გადაიხარა, თუმცა შეინარჩუნა წონასწორობა და რელსიდან არ გადასულა.
შემთხვევის შედეგად  არავინ არ დაშავებულა.   ადგილზე ოპერატიულად მივიდა პარკის ტექნიკური ჯგუფი და  უსაფრთხოების სამსახური. მას შემდეგ ატრაქციონი არ ჩართულა და  მიმდინარეობს  მისი დეტალური   შემოწმება. „მხიარული მატარებელი„ ოპერირებას განაგრძობს მხოლოდ მას შემდეგ, რაც   ექსპერტთა ჯგუფი სრულად შეისწავლის ფაქტს  და მოგვცემს დასკვნას მის სრულ გამართულობაზე.
მთაწმინდის პარკის ადმინისტრაცია უდიდესი  პასუხისმგებლობით ეკიდება ატრაქციონების ტექნიკურ უსაფრთხოებას.  ატრაქციონ „მხიარულ მატარებელს“, ისევე, როგორც პარკის სხვა ატრაქციონებს, მწარმოებლის მიერ დადგენილი პერიოდულობით უტარდება ტექნიკური შემოწმება ყველა შესაბამისი სამსახურის მიერ. გარდა ამისა,  ყოველ დილას , ყველა ატრაქციონი გადის დეტალურ ტექნიკურ შემოწმებას მაღალკვალიფიცირებული და აკრედიტირებული თანამშრომლების მიერ. მხოლოდ მათი დოკუმენტალურად ხელმოწერილი აქტის შედგენის  შემდეგ ირთვება ატრაქციონი. 
ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია თქვენი ნდობა, მაქსიმალურად ვუფრთხილდებით და ვაფასებთ მას! გვინდა , რომ პარკში თითოეული ვიზიტი სიხალისის, ბედნიერებისა და დადებითი ემოციების მომტანი იყოს თითოეული თქვენგანისთვის", - წერია გავცრელებულ ინფრომაციაში.