8 პირის საქმე დასკვნით ეტაპზეა - სასამართლოს, ამ წუთებში, საბოლოო სიტყვით ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატი მიმართავს
თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების, ზვიად ცეცხლაძის, ვეფხვია კასრაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, თორნიკე გოშაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძისა და ინსაფ ალიევის პროცესი დახურულ კარს მიღმა, ტელეკამერების გარეშე მიმდინარეობს - 8 პირის საქმე დასკვნით ეტაპზეა.
დღევანდელ სხდომაზე დასკვნით სიტყვას ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატი, გუჯა ავსაჯანიშვილი და ზვიად ცეცხლაძის ადვოკატი დავით ჭიკაიძე წარმოთქვამენ.
ამ წუთებში სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართავს გუჯა ავსაჯანიშვილი - ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ბრადლების მხარემ საქმეში ირიბი მტკიცებულებაც კი ვერ წარმოადგინა, რომელიც სინდისის პატიმრის ძალადობრივ მოქმედებას დაადასტურებდა, ასევე ვერ დაადასტურეს, რომ პიროტექნიკას სამართალდამცველების მიმართულებით ისვრიდა.
„გედავებიან, რომ სხვის სიცოცხლეს შეუქმენით საფრთხე და იცი ვისი ჩვენება გახადეს სადავო? ბექა მარკოზაშვილის. წავიკითხოთ რა თქვა მან", - ამბობს ადვოკატი და კითხულობს ამონარიდს ჩვენებიდან.
- მარკოზაშვილის თქმით, ჯავახიშვილი ფეიერვერკს ისროდა ჰაერში და სხვისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრხე არ შეუქმნია
დაგეგმილია, რომ დღეს ბრალდებულების საბოლოო სიტყვებსაც მოუსმინონ. აღნიშნულ საქმეზე განაჩენი სავარაუდოდ, პირველ სექტემბერს გამოცხადდება, ან პირველ სექტემბერს გავიგებთ, როდის დანიშნავს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი განაჩენის გამოცხადების თარიღს.
- დაკავებული 8 პირიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
- ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.