„ვგმობთ ყველა ნაბიჯს, რომელიც კრიტიკული აზრის ჩახშობას და NGO-ს დისკრედიტაციას ისახავს მიზნად“ - DRI

27.08.25 14:22
„ვგმობთ ყველა ნაბიჯს, რომელიც კრიტიკული აზრის ჩახშობას და NGO-ს დისკრედიტაციას ისახავს მიზნად“ - DRI

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“  7 ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების დაყადაღების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

ორგანიზაციის შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის როგორც აღნიშნული NGO-ების საქმიანობასა და არსებობას, ისე იმ მოქალაქეებსა და მოწყვლად ჯგუფებს, რომლებიც მათ მხარდაჭერასა და დახმარებაზე არიან დამოკიდებული. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი ფუნქციონირება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძველია.

ჩვენი ორგანიზაცია გამოხატავს ღრმა შეშფოთებას თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო რამდენიმე ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს:

ეს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციების საქმიანობას და არსებობას, არამედ იმ მოქალაქეებსა და მოწყვლად ჯგუფებს, რომელთათვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი მხარდაჭერა და დახმარება.

ვგმობთ ყველა ნაბიჯს, რომელიც მიზნად ისახავს კრიტიკული აზრის ჩახშობას და არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციას.

გვჯერა, რომ სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი და დამოუკიდებელი ფუნქციონირება ქვეყნის დემოკრატიული და სამართლებრივი წესრიგის საფუძველია.

ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას ყველა ორგანიზაციასა და მათ თანამშრომლებს, რომლებიც განაგრძობენ საქმიანობას დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლიანობის დასაცავად, - ნათქვამია განცხადებაში. 

7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო - თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

  • არასამთავრობო ორგანიზაციებს 2024 წლის ბოლოს საპროტესტო აქციების „დაფინანსებას“ ედავებიან „საბოტაჟის საქმის“ ფარგლებში.