ლევან ნატროშვილი: NGO-ების საბოტაჟში დადანაშაულება თითიდან გამოწოვილი საკითხია

27.08.25 15:24
ლევან ნატროშვილი: NGO-ების საბოტაჟში დადანაშაულება თითიდან გამოწოვილი საკითხია

„სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ დირექტორის მოადგილე ლევან ნატროშვილი მიიჩნევს, რომ არასამთავრობოების საბოტაჟში დადანაშაულება თითიდან გამოწოვილი საკითხია. მისი თქმით, გამოძიება და NGO-ების ანგარიშების დაყადაღება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებას საეჭვოდ დაემთხვა და "ოცნება" პროცესის პოლიტიკურ საბოტაჟს ცდილობს.

ნატროშვილის შეფასებით, ბრალდებები აქციებისთვის საჭირო ნივთების შეძენაზე აბსურდულია.

სრულიად თითიდან გამოწოვილი საკითხია და საეჭვოდ ემთხვევა მათ შორის ეს გამოძიება და დაყადაღება, გამოძიების ამ ეტაპზე გადაყვანა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხს და როგორც ჩანს, მათ სურთ, რომ ყურადღება გადაიტანონ ამაზე და საბოტაჟი მოახდინონ, ფაქტობრივად, ამ პროცესის და მერე უკვე დააბრალონ ევროკავშირს უვიზო მიმოსვლის გაუქმება საქართველოსთან, იმიტომ, რომ მათ ორგანიზაციები დააყადღეს. აქციებისთვის რაღაც კონკრეტული ნივთების შეძენას ედავებიან ორგანიზაციებს, რომელიც გამოიყენებოდა მერე ძალადობაშიო, რაც სრული სისულელეა. მსგავს ქმედებას ადგილი არ ჰქონია. ცხადია, რომ ეს საკითხი პოლიტიკურად მოტივირებულია, - ამბობს სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების დირექტორის მოადგილე ლევან ნატროშვილი.

7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო - თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

  • არასამთავრობო ორგანიზაციებს 2024 წლის ბოლოს საპროტესტო აქციების „დაფინანსებას“ ედავებიან „საბოტაჟის საქმის“ ფარგლებში.