„საფარი“: გაეროს ქალთა კომიტეტმა ბენეფიციარის პირადი ინფორმაციის არგაცემაზე დროებითი ღონისძიება გამოსცა

27.08.25 16:07
„საფარი“: გაეროს ქალთა კომიტეტმა ბენეფიციარის პირადი ინფორმაციის არგაცემაზე დროებითი ღონისძიება გამოსცა

გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა „საფარისა“ და მისი ბენეფიციარის, გ.გ.-ის განაცხადი წარმოებაში მიიღო და დროებითი ღონისძიება დააწესა.

„საფარის“ ინფორმაციით, კომიტეტის გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს მოეთხოვა, სასამართლოს ბრძანების აღსრულებისას ბენეფიციარ გ.გ.-ს პირადი ინფორმაცია არ გადაეცეს მესამე პირებს, მათ შორის ანტიკორუფციულ ბიუროს. ორგანიზაციის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს მათ მიმართ დაწყებული რეპრესიული ქმედებების შეჩერებას.

ივნისში ანტიკორუფციულმა ბიურომ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა სხვადასხვა ორგანიზაციიდან, მათ შორის „საფარიდანაც“, მოეთხოვა ბენეფიციართა პერსონალური მონაცემები - ძალადობის მსხვერპლ ქალებისა და ბავშვების სახელები, გვარები, პირადი ნომრები, ფოტოები, საბანკო და სამედიცინო დოკუმენტაცია. სასამართლომ შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რასაც ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

„საფარის“ ინფორმაციით, უკვე ივლისში „გაეროს ბავშვთა კომიტეტმა“ გამოიყენა ანალოგიური დროებითი ღონისძიება, რათა დაეცვა ორგანიზაციის ბენეფიციარი ბავშვების ინტერესები.

„გაეროს ქალთა კომიტეტის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან პერსონალური მონაცემების გამოთხოვნა შეუთავსებელია ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან. ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რათა გავაგრძელოთ ქალებისა და ბავშვების ძალადობისგან დაცვა და დახმარება, - ნათქვამია „საფარის“ განცხადებაში