"ვიდექი აქციაზე, რათა უდანაშაულო ადამიანების ცემა გამეპროტესტებინა... ვიდექი იმისთვის, რომ მეთქვა, რომ რუსეთი არის მტერი..." - თორნიკე გოშაძე
დღევანდელ სასამართლო პროცესზე სინდისის პატიმარმა, თორნიკე გოშაძემ საბოლოო სიტყვა წარმოთქვა.
თორნიკე გოშაძემ გაიხსენა რუსთაველის გამზირზე გადაღებული კადრები, როგორ ურტყამდნენ პოლიციელები ფეხებს სახეში აქციის მონაწილე, ზვიად მაისაშვილს. მისი თქმით, სწორედ ამ კადრების შემდეგ გავიდა აქციაზე.
სინდისის პატიმარმა განაცხადა, რომ ის ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული არ ყოფილა.
მადლობას გიხდით, ვინც დგახართ სინათლის სამართლიანობის მხარეს.
თქვენც ხვდებით ბატონო მოსამართლე, რომ ის ბიჭი უგონო მდგომარეობამდე უჰაერობას არ მიუყვანია, ვიდექი აქციაზე, რათა უდანაშაულო ადამიანების ცემა გამეპროტესტებინა... ვიდექი იმისთვის, რომ მეთქვა, რომ რუსეთი არის მტერი...
ამ ბიჭებს არათუ არ ვიცნობდი, ამ პატარა ქვეყანაში მეგობრობის კუთხით და ნათესაობით ნაცნობიც კი ვერ გამოვნახე," - განაცხადა თორნიკე გოშაძემ.
სინდისის პატიმარმა გაიხსენა პოლიციელებსა და მის შორის გამართული დიალოგი. თორნიკე გოშაძე ამბობს, რომ პოლიციელებს კითხა, რატომ შევიდნენ თვითნებურად მის ეზოში და რატომ არ იღებდნენ ვიდეოს ჩხრეკისას, რაზეც უპასუხეს, რომ არავის აფრთხილებდნენ წინასწარ დაკავებისას და ვიდეო საჭიროდ არ ჩათვალეს.
პატიმრის განმარტებით, მას არც ადვოკატთან დარეკვის უფლება მისცეს და არც უფლებები განუმარტეს.
ერთ-ერთმა პოლიციის თანამშრომელმა მითხრა, რომ თუ რაიმე ნივთი მქონდა კანონსაწინააღმდეგო საკუთარი ხელით გადამეცა და ტყუილად ნუ გავაწვალებდი, ამაზე გავეცი პასუხი, რომ ეზო და სახლი რომ გადაეტრიალებინათ ასეთ ნივთს ვერ იპოვიდნენ... მათი პასუხი იყო - ბევრს ნუ ვტლიკინებდი, მაგიდაზე ჩემს წინ დააწყობდნენ ნივთიერებას, რომელზეც ვერ დაამტკიცებდა, რომ მისი არ იყო. გააკეთეს კიდეც ეს...
დროშას მინდა შევეხო, რომელიც არაფერთან ასოცირდება გარდა სოლიდარობისა და სამშობლოს სიყვარულისა... მაშინ აქციებთანაც ასოცირდებოდა, წამოღებული მქონდა ცრემლსადენი კაფსულა აქციიდან... როცა კაფსულა ვაჩვენე, მითხრეს არ გვაინტერესებსო, გამიკვირდა, რადგან აქციაზე დამადასტურებელ მტკიცებულებას ეძებდნენ... არანაირი მიზეზი არ არსებობს, რომ მცნოთ დამნაშავედ, რომელიც არ ჩამიდენია, მთელი ჩემი პასუხისმგებლობით ვამბობ უდანაშაულო ვარ...
მე მყავს მეგობრები და ახლობლები, რომლებსაც ბევრჯერ აქვთ მოყოლილი, როგორ მეცადინეობდნენ სანთლის შუქზე... მე არ ვიცი როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი პროფესიის მწვერვალი, მაგრამ მჯერა, რომ მანტია და სკამი ციდან არ ჩამოვარდნილა... არ ვცდილობ თქვენს გულის მოგებას ან ზეგავლენის მოხდენას, არ მინდა ჩემი სიმართლე დაიკარგოს და თქვენი სამართლიანობა და ობიექტურობა ეჭვის ქვეშ დადგეს... ის დრო, რაც სამართლის შესწავლისთვის გაქვთ დათმობილი, თქვენი ოცნება არასდროს იქნებოდა უდანაშაულო ადამიანების სურვილების და ოცნების დარღვევა და საპყრობილეში გამომწყვდევა...
დღეს თქვენ ხართ დაზარალებულიც, ბრალდებაც, დაცვაც, მოწმეც, ყველა მხარე... არასოდეს დამავიწყდება არც თქვენი სახელი და არც თქვენი სახე და მიზეზი იმისა, რატომ ? - ეს თქვენს სამართლიანობაზე იქნება დამოკიდებული," - თქვა თორნიკე გოშაძემ. ("რადიო თავისუფლება")