„მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის" 29 აგვისტოს არასამთავრობო ორგანიზაციების სოლიდარობის მარშს აანონსებს

28.08.25 14:24
„მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის" 29 აგვისტოს არასამთავრობო ორგანიზაციების სოლიდარობის მარშს აანონსებს

 „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის" 29 აგვისტოს, 19:00 საათიდან არასამთავრობო ორგანიზაციების სოლიდარობის მარშს აანონსებს. 

"ჩვენი ვალია, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ადამიანებს, რომლებიც საერთოზე ზრუნვის გამო ისჯებიან. ჩვენი ვალია, ხმამაღლა ვთქვათ, რომ „ოცნების" ძალაუფლებას ამ ქვეყნის ევროპული მომავალი არ უნდა შეეწიროს", - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აქციის აღწერაში ნათქვამია: 

„ქართული ოცნების" საქართველოში საერთოზე ზრუნვა და სოლიდარობა დასჯადია, დაჩაგრულის დაცვა საბოტაჟია, სიმართლის გამოაშკარავება ღალატია.
„ქართული ოცნების" საქართველოში მოძალადეებს ღირსების ორდენებს ურიგებენ. ოკუპანტებს მშვიდობისმყოფელებს ეძახიან. უსახლკაროებს უკანასკნელი საცხოვრებლიდან ყრიან. ბუნებას ანადგურებენ. საერთო სიმდიდრეს ერთეულები ეპატრონებიან, ჩვენ კი სიღარიბისთვის და უიმედობისთვის გვწირავენ.
საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, გვართმევენ ჩვენი მოქალაქეებისთვის უმნიშვნელოვანეს შვებას და შესაძლებლობას - შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით კავშირი შეინარჩუნონ ოჯახებმა, დროულად მიიღონ ხარისხიანი ჯანდაცვა პაციენტებმა, იზრუნონ საკუთარი ოჯახების გადარჩენისთვის ადამიანებმა, საკუთარი სახელმწიფოს უპასუხისმგებლობით შექმნილ უსამართლო პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემას თავი დააღწიონ ჩვენმა მოქალაქეებმა.
„ქართული ოცნება" აგრძელებს საკუთარი სახელმწიფოს და ხალხის წინააღმდეგ სიარულს და ევროპული მომავლის საბოტაჟს. 31 აგვისტომდე რამდენიმე დღით ადრე, მოგონილი სამართლებრივი საფუძვლებით, სამოქალაქო ორგანიზაციების დაყადაღება სწორედ ამის დასტურია.
ჩვენი ვალია, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ადამიანებს, რომლებიც საერთოზე ზრუნვის გამო ისჯებიან. ჩვენი ვალია, ხმამაღლა ვთქვათ, რომ „ოცნების" ძალაუფლებას ამ ქვეყნის ევროპული მომავალი არ უნდა შეეწიროს.
გამოდით სიმართლისთვის!
გამოდით სოლიდარობისთვის!
გამოდით უკეთესი მომავლისთვის!"- ნათქვამია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები