"შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა სავარაუდოდ კრიტიკული პოზიციების საჯაროდ გამოხატვას უკავშირდება" - ომბუდსმენი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელზე

28.08.25 18:24
"შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა სავარაუდოდ კრიტიკული პოზიციების საჯაროდ გამოხატვას უკავშირდება" - ომბუდსმენი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელზე

საქართველოს სახალხო დამცველმა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების საქმე შეისწავლა და დაადგინა, რომ თამარ ლომიძესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა სავარაუდოდ კრიტიკული პოზიციების საჯაროდ გამოხატვას უკავშირდება. 

  • თამარ ლომიძე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში 2016 წლიდან მუშაობდა. 2023-24 წლებში კი იყო შიდა ტურიზმის სტიმულირებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი.
  • ის სამსახურიდან 2024 წლის 31 დეკემბერს გაათავისუფლეს, შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით.
  • მან  განსხვავებული მოსაზრების ნიშნით, სავარაუდო დისკრიმინაციასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველს 2025 წლის 14 მარტს მიმართა. 

თამარ ლომიძის განცხადებით, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან "ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტებისა და საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო გაათავისუფლეს".

2024 წლის 29 ნოემბერს დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან [თინათინ ზოიძისგან] მიიღო შეტყობინება, რომ "მოზომილად და გააზრებულად" მოქცეულიყო. ხოლო 2024 წლის 28 დეკემბერს მისწერა, რომ სოციალურ ქსელებში აქტიურობას მორიდებოდა. 2024 წლის 30 დეკემბერს დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შეხვედრა სთხოვა, სადაც იყო საუბარი, მათ შორის, აქციებზე სიარულთან დაკავშირებითაც," – წერია სახალხო დამცველის მოკვლევაში.

სახალხო დამცველმა თამარ ლომიძის სამსახურიდან გაშვების ფაქტი სამართლებრივად შეაფასა და დაადგინა, რომ "საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის მრავალმხრივი ანალიზის შედეგად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დისკრიმინაციული მოპყრობა ვერ დგინდება".

თუმცა განმარტა, რომ საქმის მასალებით დასტურდება, რომ განმცხადებელი ხელისუფლების ქმედებების მიმართ თავის კრიტიკულ დამოკიდებულებას ღიად გამოხატავდა, რაც მოპასუხის მხრიდან შენიშვნისა თუ თავშეკავებისკენ მოწოდების საგანი არაერთხელ გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალები, დისკრიმინაციის დადგენის შესახებ, დასაბუთებული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დასახელებული გარემოებების ერთობლიობა, კერძოდ: ის რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა მრავალწლიანი და განგრძობითი იყო; დეპარტამენტის ხელმძღვანელის მხრიდან განმცხადებლის მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად ფასდებოდა, რასაც მიმოწერისას კმაყოფილების გამოხატვისა თუ მადლობის გადახდის არა ერთი ფაქტი მოწმობს, საქმის მასალებით დასტურდება, რომ განმცხადებელი ხელისუფლების ქმედებების მიმართ თავის კრიტიკულ დამოკიდებულებას ღიად გამოხატავდა, რაც მოპასუხის მხრიდან შენიშვნისა თუ თავშეკავებისკენ მოწოდების საგანი არაერთხელ გახდა, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მოტივთან დაკავშირებით. 

დამხმარე ამოცანების შესასრულებლად კადრის დაქირავების საჭიროების არ არსებობა დღის წესრიგში მას შემდგომ დადგა, რაც განმცხადებელმა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კრიტიკული პოზიციის გამოხატვა აქტიურად დაიწყო – სერიოზულ და საფუძვლიან კითხვის ნიშნებს აჩენს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მოტივთან დაკავშირებით და თანასწორობის სტანდარტებთან მისადაგებისა და მოპასუხისთვის ანტი-დისკრიმინაციული დებულებების განმარტების საჭიროებას წარმოშობს," – ვკითხულობთ სახალხო დამცველის მოკვლევაში.

ცნობისთვის, თამარ ლომიძის სახელს უკავშირდება დეპარტამენტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროექტი – "გამომყევი აჭარაში", რომელშიც საქართველოში მცხოვრები ინფლუენსერები მონაწილეობენ.

მსგავსი სიახლეები