ონისე ცხადაძის ემოციური სიტყვებით დაწყებული გამოსვლა - რაზე ისაუბრა ბრალდებულის ადვოკატმა დასკვნით სიტყვაში

29.08.25 12:32
ონისე ცხადაძის ემოციური სიტყვებით დაწყებული გამოსვლა - რაზე ისაუბრა ბრალდებულის ადვოკატმა დასკვნით სიტყვაში

სინდისის 11 პატიმრის საქმე დასკვნით ეტაპზეა - ამ წუთებში სხდომაზე დასკვნით სიტყვას ამბობს ონისე ცხადაძის ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე.

მან გამოსვლა ონისე ცხადაძის სიტყვებით დაიწყო, რომელიც ბრალდებულმა მამის დაკრძალვის შემდეგ პირველ სხდომაზე გააკეთა.

ხუთი თავისგან შემდგარი სიტყვის წარმოთქმისას, ლაშა ცუცქირიძემ ისაუბრა რომ სასამართლო სხდომებზე დაირღვა საჯაროობის პრინციპი. 

ასევე, ლაშა ცუცქირიძის თქმით, დარღვევაა, რომ საქმეში საზოგადოებრივი ადვოკატების კანონის დარღვევით ჩართვა გახდა.

მისი განცხადებით, საქმეში ამ დრომდე არ დევს კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნები. ამას ჰპირდებოდა მხარეს პროკურატურა, თუმცა 9 თვის თავზეც საქმეში არაფერი დევს.

ცუცქირიძე აცხადებს, რომ ბრალდებულები პატიმრობაში უსაფუძვლოდ იყვნენ.

„აუცილებლად უნდა დავიწყო ონისეს სიტყვებით, იმ სიტყვებით რაც მისთვის მძიმე დღეებში სასამართლოზე თქვა. მინდა სანამ სამართლებრივ ნაწილზე გადავალ, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ და გაჩვენოთ ვის მიმართ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება.
ონისეს ციტირება: ეს, რაც მოხდა, ჩემი პირადი ტრაგედიაა და ადრე თუ გვიან ეს ჩემი და ჩემი ოჯახის სატარებელი იქნება, მეტი არავის. მე არ ვაპირებ რომ არ გაპატიოთ, ადამიანურად. მე არ მექნება არავის მიმართ ბოღმა, ღვარძლი და მტრობა.
მე უარესსაც ველოდები, ხვალ შეიძლება მე არ ვიყო. ასეთი ბრძოლაა, რა უჭირს მე რომ ხვალ არ ვიყო და ქვეყანა გადარჩეს, ოღონდ ეგ მოხდეს და მეტი არაფერი მაინტერესებს.
აი ეს ადამიანია დღეს საბრალდებო სკამზე და ამ ადამიანს ემუქრება 4-6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, რომლისთვისაც სამშობლო და საკუთარი ქვეყანა არის უპირატესი, ვიდრე თავისი თავი".- თქვა ლაშა ცუცქირიძემ. 

ადვოკატმა ასევე ისაუბრა ბრალზე და დაასაბუთა, რატომაა უსაფუძვლო აღნიშნული, როცა მისი დაცვის ქვეშ მყოფზეა საუბარი.
წაიკითხა ბრალის შესახებ დადგენილება და გამოყო: „ორგანიზებული ხასიათის ჯგუფური მოქმედება".

მან წაიკითხა უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, თუ როგორ განუმარტავთ ამ დრომდე ბრალი.
„225-ე მუხლის მეორე ნაწილი რომ დადასტურდეს უნდა დადასტურდეს ერთი მხრივ ორგანიზების და ხელმძღვანელობის ფაქტი და შემდგომ ეტაპზე - პირის მონაწილეობა", - თქვა ადვოკატმა და დაამატა: ვერ ვისაუბრებ მონაწილოებაზე ისე თუ თეორიულად არ დავუშვებ, რომ საქმეს ჰყავს ორგანიზატორი.  (რადიო თავისუფლება)

სამართლებრივი დაშვების ფარგლებში, თუნდაც დავუშვათ, რომ არსებობდა ორგანიზებული ჯგუფი, რა არის სამოქმედო გეგმა ორგანიზებული ჯგუფის, რომელსაც იცნობდა და იზიარებდა ონისე? - დადგენილი არ არის. რა როლი უნდა ჰქონოდა ან რა როლი ჰქონდა ონისეს - არ ვიცით. ვინმემ მიიყვანა თუ არა ონისე - არ ვიცით. არ დადგენილა არცერთი მტკიცებულებით სამართლებრივი დაშვების ფარგლებში თითქოს და არსებული ორგანიზებულ ჯგუფთან რაიმე კავშირი, მითითებების შინაარსი, დრო და ადგილი, შესაბამისად გვაქვს ლეგიტიმური კითხვა - ასეთ პირობებში, ვისი და რა მითითება შეასრულა ონისე ცხადაძემ. 
რეალურად ონისე დგას მარტო, არ ემორჩილება ადგილზე არავის, არავინ უთითებს რაიმეს და არავის უთითებს რაიმეს, არ ეხმარება ვინმეს და არ აქვს იქ მყოფ აქციის მონაწილეებთან არანაირი ვერბალური კავშირი და არც მათ აქვთ ონისესთან რაიმე კავშირი. რა თქმა უნდა იმ ადგილზე არ არიან ორგანიზატორებად და ხელმძღვანელებად ბრალში მოხსენებული პირებიც.

ლაშა ცუცქირიძემ თქვა, რომ სააპელაციო სასამართლო ერთ-ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში, რომელსაც სრულყოფილად იზიარებს უზენაესი სასამართლო, ადგენს მთავარ კომპონენტებს, რითაც შეიძლება გაიმიჯნოს წინასწარ შეთანხმებული და ორგანიზებული ჯგუფური ძალადობისგან კონკრეტული პირების მოქმედება: „თუ სახეზეა სპონტანურობა, თუნდაც ჯგუფურად, ასევე სახეზეა კონკრეტულ დროს, სიტუაციიდან გამომდინარე მოქმედება".

ადვოკატმა ასე დაასაბუთა, რატომ იყო ონისე ცხადაძის მოქმედება სპონტანური:

„სპონტანური მოქმედების პირველი და ყველაზე ნათელი მაგალითია 2024 წლის 28 ნოემბერს, ევროკავშირთან მოლაპარაკებები შეწყვეტის თაობაზე გაკეთებული განცხადება, რის გამოც ათიათასობით გულანთებული ქართველი გამოვიდა ქუჩაში ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლისთვის. არანაირი სხვა განზრახვითა და სხვა მიზნით ხალხი ქუჩაში არ გამოსულა. აქ მთავარია განზრახვის ელემენტიც, 28-შიც, 29-შიც, 30-შიც და სხვა დღეებშიც, ადამიანები რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდნენ ერთადერთი განზრახვით, რათა დაეცვათ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი.
სპონტანური და თვითდინებით აქციაზე გამოსვლას მიუთითებს ონისე ცხადაძის კონკრეტულ ადგილას მარტო დგომის ფაქტი,
მათ შორის კადრები, სადაც არცერთ ადამიანთან არც ვერბალური და არც არავერბალური კავშირი არ დგინდება. და თუ, ბრალდების მხარეს ამ სპონტანურობის გამორიცხვა სურდა, მინიმუმ სრულყოფილ კადრებს წარმოადგენდა და არა მოჭრილ, დამონტაჟებულს და ამგვარად შეკოწიწებულს, თუმცა კი იცოდნენ, რომ ეს მათთვის ხელსაყრელი მტკიცებულება არ იქნებოდა".  (რადიო თავისუფლება)

ადვოკატის თქმით, თუ მოსამართლე საქმეს გადააკვალიფიცირებს ისე, რომ დაცვის მხარეს არ მისცემს შესაძლებლობას თავისი არგუმენტები წარმოადგინოს ეს იქნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტის დარღვევა.

„დასკვნითი სიტყვის ბოლო ნაწილში, მინდა პირადად ჩემგან ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო კოლეგებს, ადვოკატებს და ამავდროულად ჩემს მეგობრებს, ვინაიდან თითოეულმა მათგანმა მოიტანა თქვენამდე ის სიმართლე, რაც ერთადერთი და უალტერნატივოა. მინდა აქედან გამომდინარე ბიჭებს მივმართო და ვუთხრა (დარწმუნებული ვარ ეს საერთო პოზიციაც იქნება) - ჩვენი, ადვოკატების მხრიდან ბრძოლა იქნება ბოლომდე, იქამდე, სანამ უკანასკნელი თქვენგანი არ დატოვებს პენიტენციურ დაწესებულებას". 

  • ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი მიმდინარეობს - სხდომაზე ადვოკატები დასკვნით სიტყვას ამბობენ.

ცნობისთვის, დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები