შოთა თუთბერიძის თქმით, 11 პირის საქმე ჯგუფური დანაშაულის ვერც ერთ ელემენტს ვერ აკმაყოფილებს - ადვოკატის დასკვნითი სიტყვა
შოთა თუთბერიძის თქმით, 11 პირის საქმე ჯგუფური დანაშაულის ვერც ერთ ელემენტს ვერ აკმაყოფილებს - ონისე ცხადაძის ადვოკატმა ცოტა ხნის წინ დაასრულა საკუთარი საბოლოო სიტყვა სასამართლო სხდომაზე.
„ჯგუფური ძალადობის ორგანიზება გამოიხატება არეულობის ადგილის შერჩევაში, მასობრივი არეულობის დროისა და მისი ჩადენის ხერხის განსაზღვრაში, პირთა ჯგუფის თავმოყრაში ამ ადგილზე და სხვ. ხელმძღვანელობა კი შეიძლება გამოიხატოს არეულობის დროს ჯგუფისთვის მითითების მიცემაში, თუ კონკრეტულად რა ქმედება ჩაიდინონ მათ, მოწოდებაში, არ შეწყვიტონ ძალადობა და ა.შ. როგორც ვხედავთ, ამ მუხლის პირველი ნაწილით, ფაქტობრივი ორგანიზატორი იურიდიულად ამსრულებელია (სამართლებრივი ფიქცია). მაგალითად, საფეხბურთო მატჩის მსაჯის ქმედებით განაწყენებულმა პეტრემ გამოძებნა იმ პირთა ჯგუფი და მათთან დაგეგმა ძალადობითი ქმედება სტადიონზე პროტესტის ნიშნად. მისი მითითებით, ეს პირები [...] შეიჭრნენ სტადიონზე და დაიწყეს ნივთების მტვრევა, სცემეს მსაჯი [...]. [...] ბრალის ფორმის მიხედვით, დანაშაული გულისხმობს განზრახვას. კანონში მითითებული ქმედებების მიმართ ბრალი გამოიხატება პირდაპირ განზრახვაში [...]. ამგვარად, 1-ელი ნაწილით ისჯება ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორი ან ხელძღვანელი, ხოლო მე-2 ნაწილით - მასობრივი არეულობის რიგითი მონაწილე.“
„ეს დანაშაული განსხვავდება ხულიგნობისგან. [...] ჯგუფური ძალადობა აუცილებლად ორგანიზებული დანაშაულია, ხოლო ხულიგნობისთვის ამას არა აქვს მნიშვნელობა.“
შოთა თურთბერიძემ ისაუბრა ასევე იმ ვიდეოებზე, რომელზეც პროკურორები ამტკიცებენ, რომ მათ ისინი კონფიდენტმა მიაწოდა.
„პროკურორები გვიმტკიცებდნენ, რომ ვიდეოები მათ კონფიდენტმა მიაწოდა, უცნობმა პირებმა გადაიღო და სოციალურ ქსელში ატვირთა, გარკვეულ ეტაპზე აღმოჩნდა, რომ შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის გადაღებული ყოფილა და „შემთხვევით“ აღმოჩნდა სოციალურ ქსელში...
მე შეურაცხყოფად მივიღებდი ამას, რადგან ამ ვიდეოების საფუძველზე სასამართლომ განჩინებები გასცა და ჩვენ ვერ მივიღეთ პასუხი, საიდან აღმოჩნდა შემთხვევით გადაღებული კადრები უცებ შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტში.
ასევე ჩვენ ვერ დავადგინეთ, როდის არის ეს ვიდეოები გადაღებული, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ბრალდებულს საქმეში უწერია თარიღები, თუ როდის იყვნენ აქციაზე.
თქვენ ვერ ნახავთ საქმეში ვერც ერთ მტკიცებულებას, რომელიც მიგანიშნებთ და მომგცემთ გადამოწმების საშუალებას, რომ ვიდეო გადაღებული 29 ნოემბერს და არა 19 ივნისს.
თქვენ არ მოგისმენიათ და ვეღარ მოისმენთ განმარტებებს, მტკიცებულებები, რომელიც წარმოგიდგინათ პროკურატურამ რა საპოლიციო მოქმედებებით არის მოპოვებული და დამაგრებული საქმეზე".
სიტყვის დასასრულს ონისე ცხადაძის ადვოკატმა მიმართა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილსაც:
„როცა თქვენ სათათბიროდ გაბრძანდებით და დაბრუნდებით გადაწყვეტილების გამოცხადების დღეს მინდა სასამართლომ იფიქროს იმაზე, რომ მტკიცებულებები რომლებიც გამოვიკვლიეთ შინაგანი რწმენა და ობიექტური სასამართლოა, ერთადერთი, რის საფუძველზეც უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული და გთხოვთ, დაეყრდნოთ ამას".- განაცხადა შოთა თუთბერიძემ (რადიო თავსიუფლება)
- ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი მიმდინარეობს - სხდომაზე ადვოკატები დასკვნით სიტყვას ამბობენ.
ცნობისთვის, დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.