"ჩავთვალოთ, მიიღეთ გამამტყუნებელი განაჩენი, რა უნდა დაწეროთ გადაწყვეტილებაში?" - ომარ ფურცელაძე მოსამართლე გალუსტაშვილს

29.08.25 15:34
"ჩავთვალოთ, მიიღეთ გამამტყუნებელი განაჩენი, რა უნდა დაწეროთ გადაწყვეტილებაში?" - ომარ ფურცელაძე მოსამართლე გალუსტაშვილს

სინდისის 11 პატიმრის პროცესზე სასამართლოს დასკვნითი სიტყვით გური მირცხულავას და ჯანო არჩაიას ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ მიმართა. 

მან მოსამართლეს დაუსვა 7 კითხვა იმის შესახებ, თუ რას ჩაწერს გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში გადაწყვეტილებაში. მანვე აღნიშნა, რომ გური მირცხულავასა და ჯანო არჩაიასთვის წარდგენილი ბრალდების დადგენილების ტექსტის 99.6% იდენტურია. 

მოდი ჩავთვალოთ, თქვენ მიიღეთ გამამტყუნებელი განაჩენი. პოულობთ შესაბამის დროს, თქვენს სავარძელში დაბრძანდებით, ხელში კალამს იმარჯვებთ ან ლეპტოპს შლით, როგორც გენებოთ, და რა უნდა დაწეროთ გადაწყვეტილებაში:

  1. ვინ აორგანიზებდა ჯანო არჩაიას და გური მირცხულავას?
  2. როგორ აორგანიზებდა, რა საშუალებით?
  3. რა არის გურის, ჯანოს და ბიჭების ერთმანეთთან თუნდაც ნაცნობობის მადასტურებელი მტკიცებულება?
  4. რა არის ნეიტრალური მტკიცებულება, რომელიც არც პოლიციელის ჩვენებაა და არც პოლიციელის მიერ შექმნილი?
  5. მაინც რა იყო ის „მძიმე საგანი“ რაც გურიმ და ჯანომ ვინმეს ესროლეს?
  6. რას უნდა უყოთ ექსპერტიზის დასკვნას, რომ გურამ მირცხულავას პოლიციელებისკენ არასოდეს არაფერი უსვრია?
  7. რას უნდა უყოთ ექსპერტიზის დასკვნას, რომ ჯანო არჩაიასგან არავის არაფერი მოხვედრია?

კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ, საინტერესოა, რომ ტექნიკური შემოწმების შედეგად, ვადგენთ, რომ  გური მირცხულავასა და ჯანო არჩაიასთვის წარდგენილი ბრალდების დადგენილების ტექსტის 99,6 პროცენტი იდენტურია და განსხვავება მხოლოდ 0.4 პროცენტია, რაც არსებითად სახელებს და გვარებს წარმოადგენს," - განაცხადა ომარ ფურცელაძემ. 

ადვოკატის შეფასებით, ბრალდებულების წინააღმდეგ აღკვეთის ყველაზე მკაცრი ზომის - პატიმრობის გამოყენება დაუსაბუთებელი იყო. უფლებადამცველის განცხადებით, "განგრძობითი პატიმრობა გამოყენებული იყო, როგორც ბრალდებულთა პოლიტიკური და სამოქალაქო პოზიციის ნიშნით დევნის იარაღი". 

პოლიტიკური და სამოქალაქო პოზიციის ნიშნით დევნის მოტივებთან მიმართებით, აუცილებელია, კიდევ ერთხელ გაესვას ხაზი, ჯანო არჩაიას და გურამ მირცხულავას მიმართ გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებას, რომელიც დაუსაბუთებლად იქნა მიღებული ჯერ კიდევ მათი დაკავებისას და შაბლონურ არგუმენტაციაზე მითითებით გრძელდებოდა სასამართლო წარმოების მთელი ვადის განმავლობაში," - ამბობს ომარ ფურცელაძე. 

ომარ ფურცელაძის თქმით, ეს საქმე მიზნობრივი დევნაა კონკრეტული ბრალდებულების წინააღმდეგ და „ყველა საგამოძიებო მოქმედება მიზნად ისახავდა კონკრეტული პირების დისკრედიტაციას", რისი მაგალითიც ისაა, რომ "ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე არც ერთი სამართალდამცავი არ არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული". 

ამასთან, უფლებადამცველმა დასკვნითი სიტყვის დროს აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძემ სხვადასხვა დროს ცხადად და პირდაპირ დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმცია. 

საჯარო წყაროებზე დაყრდნობით, უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში, სარგებლობდა რა მედიების მიერ განსაზღვრული საეთერო დროით ბოროტად, ირაკლი კობახიძემ სხვადასხვა დროს, მინიმუმ ათ იზოლირებულ შემთხვევაში, ცხადად და პირდაპირ დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმცია მითითებულ სისხლის სამართლის საქმეზე, რა დროსაც იგი, ბრალდებულებს მოიხსენიებდა შეურაცხმყოფელი ტერმინებით, მათ შორის, როგორიც არის "უსინდისო" და სხვა," - განაცხადა მან. 

ცნობისთვის, დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.