ცემა მუშტებით და წიხლებით - ბათუმში არასრულწლოვანთა დაჯგუფება დააკავეს

29.08.25 20:03
ცემა მუშტებით და წიხლებით - ბათუმში არასრულწლოვანთა დაჯგუფება დააკავეს

ბათუმის ტურისტულ ზონაში, ქალაქის ცენტრში, არასრულწლოვანთა დაჯგუფებამ რამდენიმე ახალგაზრდას სასტიკად სცემეს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ თავდამსხმელები 2 ახალგაზრდა მამაკაცსა და 1 გოგონას უტევენ. ცემის დროს ერთ-ერთი დაზარალებული გონებას ჰკარგავს.

გამოძიების მიხედვით, თავდასხმა ჯგუფურად განხორციელდა, მოზარდები წაქცეულს წიხლებს ურტყამდნენ და დახრჩობასაც ცდილობდნენ. საბოლოოდ, დაჯგუფებამ დაზარალებულები გაძარცვა და თანხა წაიღო. პოლიცია შემთხვევის ადგილზე მეორე დღეს მივიდა - მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფაქტი მედიაში გაშუქდა.

ერთ-ერთ ნაცემ ახალგაზრდას ექიმების დახმარება დასჭირდა. მისი ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ახალგაზრდა მკურნალობას სახლში აგრძელებს და მუდმივი სამედიცინო კონტროლი სჭირდება.

ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აღნიშნული არასრულწლოვანთა დაჯგუფება დანაშაულს სჩადის. სამართალდამცველებს მათ მიერ ჩადენილი სხვა ქმედებების შესახებაც აქვთ ინფორმაცია.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 4 არასრულწლოვანი დააკავეს.

ვრცლად ნახეთ თეკლა დონაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები