გაფლანგული მილიონები და დაუსრულებელი პროექტები - რაში ხარჯავს "ოცნება" ხალხის ფულს
სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის აღმაშენებლის ხეივანზე დაწყებული ახალი შენობა 2025 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა უწყება საერთოდ გააუქმეს. ახლა იქ ნახევრად აშენებული კარკასია, რომელიც ფუნქციის გარეშე დარჩა და მშენებლობაც შეჩერებულია – სავარაუდოდ მანამ, სანამ ობიექტს ახალი დანიშნულება არ მიეცემა.
პროექტისთვის გამოყოფილი 18 მილიონიდან უკვე 7 მილიონი დახარჯულია, თუმცა ეს მხოლოდ მცირე ნაწილი იყო იმ ასეულობით მილიონთან შედარებით, რასაც წლების განმავლობაში გაუქმებული უწყებების შენახვაზე იხარჯებოდა.
უკვე 8 წელია დაუსრულებლად შენდება ახალი ცენტრი ორთაჭალის ავტოსადგურთანაც. სხვადასხვა დროს პროექტში ჯამში 9 მილიონი ჩაიდო, კიდევ 3 მილიონი კი პროექტის რამდენჯერმე გადაკეთებაში. სამშენებლო ობიექტი საბოლოოდ ეროვნული ბანკის საკუთრებაში გადავიდა და ახლა კითხვად რჩება, თუ რომელ უწყებას დაეთმობა ეს შენობა.
„ოცნების“ მმართველობის პირობებში მსგავსი შემთხვევები მრავლადაა. ზუგდიდში 20 მილიონად აშენებული სტადიონი უფუნქციოდ დარჩა, ხარაგაულში კი 12 მილიონად აშენებული ამფითეატრი ერთხელაც არ გამოყენებულა.
ანალიტიკოსების შეფასებით, მილიონების ხარჯვა და შემდეგ ობიექტების მიტოვება უკვე სისტემურ პრობლემად იქცა.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.