"გთხოვთ არ შეუჩეროთ ქართველ ხალხს სავიზო რეჟიმი, არამედ დაასანქცირეთ ივანიშვილი და მისი პარტია" - ნინო დათაშვილის მიმართვა ევროკავშირის საელჩოს
"გთხოვთ არ შეუჩეროთ ქართველ ხალხს სავიზო რეჟიმი, არამედ დაასანქცირეთ ივანიშვილი და მისი პარტია" - სინდისის პატიმარი, ნინო დათაშვილი ევროკავშირის საელჩოს მიმართავს.
აუდიო ჩანაწერში, რომელსაც "პუბლიკა" აქვეყნებს, დაპატიმრებული მასწავლებელი ამბობს, რომ რადგან დღეს საქართველოს ხალხი თავგანწირვით იბრძვის თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის, რადგან 60-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ციხიდან ისბრძის სიმართლის დასამტკიცებლად, ამ ფონზე ქართველი ხალხი არ იმსახურებს ევროპისგან იზოლაციას, უვიზო რეჟიმის გაუქმებას და ევროინტეგრაციის შეჩერებას.
"ევროკავშირის ოფისს საქართველოში:
მოგესალმებით, მე ვარ ნინო დათაშვილი, პოლიტიკური პატიმარი საქართველოდან. სამოქალაქო აქტივისტი, სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ილიას სახელმწიფო უნივერიტეტის ლინგვისტურ კვლევათა თანამშრომელი.
მე კარგად მესმის, რატომ დაუწესეთ საქართველოს არალეგიტიმურ ხელისუფლებას 31 აგვიტომდე ვადა, და რატომ არის საფრთხეში ჩვენი ვიზალიბერალიზაცია. მაგრამ უმორჩილესად გთხოვთ, ნუ წაართმევთ საქართველოს ხალხს ამ მონაპოვარს, რადგან დღეს საქართველოს ხალხი თავგანწირვით იბრძვის თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის, 250-ზე მეტი დღეა. 60-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი კი ციხიდან ვიბრძვით სიმართლის დასამტკიცებლად. ჩვენ არ ვიმსახურებთ ევროპისგან იზოლაციას, უვიზო რეჟიმის გაუქმებას და ევროინტეგრაციის შეჩერებას.
გთხოვთ დაასანქციროთ არა საქართველოს ხალხი და შეუჩეროთ მათ სავიზო რეჟიმი, არამედ დაასანქცირეთ ქვეყნის არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი. მისი მმართველი პარტია “ქართული ოცნება”. არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატები, არალეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლები, პროპაგანდისტები, მოსამართლეები, პროკურორები, გამომძიებლები, რომლებიც ჩადიან უკანონობას. გთხოვთ დაასანქციროთ ისინი ინდივიდუალურად ევროკავშირის ქვეყნებმა, და ნუ წაართმევთ საქართველოს ხალხს ამ დიდ სიკეთეს, რასაც ევროლიბერალიზაცია ჰქვია.
პატივისცემით მეხუთე დაწესებულების პატიმარი, ნომერი 21 – ნინო დათაშვილი” ~- აცხადებს ნინო დათაშვილი.
დათაშვილი მიმართავს კიდევ ერთ პოლიტიკურ პატიმარს, თორნიკე თოშხუას, და სთხოვს შეყვიტოს შიმშილობა – “რადგან შიმშილობა ციხეში ორმაგად აზიანებს ჯანმრთელობას”
ნინო დათაშვილი სოლიდარობას უცხადებს არასამთავრობო ორგანიაციებსაც.
“არასამთავრობოებს ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა. თვითონ მიცავს არასამთავრობო ორგანიზაცია PHR, და მათი გაუქმება ნიშნავს დემოკრატიის გაუქმებას საქართველოში”.