თბილისში პროტესტია - ხალხი ქუჩებში ისევ ევროპული მომავლის დასაცავად გავიდა
თბილისში პროტესტია - ხალხი ქუჩებში ისევ ევროპული მომავლის დასაცავად გავიდა.
ამ წუთებში, საპროტესტო შეძახილები პარლამენტთან ისმის, იმ შენობასთან, სადაც "ოცნების" დეპუტატები ყოველღიურად იკრიბებიან და აქტივისტების თქმით, მათ მიერ მიღებული კანონების დამსახურებით დღეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას შეუნარჩუნდება თუ არა ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია.
"ოცნებისთვის" ჩართულ წამზომს ვადა ხვალ ეწურება, ამიტომ სტუდენტებმა, აქტივისტებმა, სინდისის პატიმრების მშობლებმა გადაწყვიტეს ქუჩიდან შეეთვალათ ბრიუსელისთვის, რომ "ქართული ოცნება" ხალხის ნებას არ გამოხატავს.
"ქართულმა ოცნებამ" გაუშვა ის პროპაგანდა, რომ თითქოს უნდა ვატაროთ ის ხარაკირი, რომ უვიზოს გარეშეც 100 ათასი მოწამელ გვყავდაო და უვიზოს გარეშეც გავძლებთო... ადამიანებს საქართველოში ემუქრებათ ფიზიკური განადგურება, თუ "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში დარჩება და უწი-პუწის დრო არ არის", - აცხადებს ლუკა ჭოხონელიძე.
მანამდე კი, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და სტუდენტები მსვლელობით მივიდნენ ევროკავშირის ოფისში, პაველ ჰერჩინსკის სამსახურში მოქალაქეებმა ზვიად ცეცხლაძის წერილი დატოვეს. გლდანის ციხეში გამოკეტილი, სინდისის პატიმარი ევროკავშირს ელჩს იმ მიზეზების შესახებ წერს, თუ რატომ იმსახურებენ ქართველები ევროპასთან დაახლოებას და უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებას.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნებისთვის" მიცემული ვადის ამოწურვამდე სულ რაღაც ერთი დღეა დარჩენილი.
ევროკავშირის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს ევროპასთან უვიზო მიმოსვლა ემუქრება - "ოცნებას" ბრიუსელმა ვადა 31 აგვისტომდე მისცა.