ავჭალაში ცეცხლის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება - ბოლო ცნობები სტიქიის ეპიცენტრიდან
ავჭალაში ცეცხლის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება - სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი უკვე რამდენიმე საათია მუშაობს იმისთვის, რომ მთის ფერდზე ცეცხლის ლოკალიზება მოახერხონ.
ხანძარს რამდენიმე კერა აქვს და საკმაოდ დიდ ფართობზე, ტყეშია გავრცელებული. ადგილზე ამ დრომდე ძლიერი დაკვამლიანებაა, სამაშველო სამუშაოებს ართულებს ქარიც.
ცეცხლი ავჭალაში შემოვლითი გზის მიმდებარედ, შუადღით გაჩნდა. იმის გამო რომ ფერდი მიუვალია, ადგილზე მიახლოება უჭირთ მეხანძრე მაშველებს.
ხანძრის გამომწვევი ოფიციალური მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, რასაც ადგილობრივები "პირველებთან" ყვებიან, თავდაპირველად ცეცხლი სასაფლაოზე გაჩნდა და მიმდებარედ ბალახზე გავრცელდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლის დასახლებულ პუნქტში გავრცელების საფრთხე არ არსებობს .