ავჭალაში ხანძრის აქტიური კერები სრულად ლიკვიდირებულია - სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება
ავჭალაში მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის აქტიური კერები სრულად ლიკვიდირებულია - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ.
მათივე ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში სამუშაოები გაგრძელდება, რომ სრულად აღმოფხვრან აალების საშიშროება.
ხანძრის კერების უმრავლესობა გაჩენილი იყო სპეც-ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზე, სადაც მეხანძრე-მაშველებს უწევდათ რთულ რელიეფზე ქვეითად გადაადგილება და ქრობის სამუშაოების ინდივიდუალური საშუალებით ჩატარება.
ხანძრის ქრობის უწყვეტ პროცესში, ცოცხალი ძალის და მძიმე ტექნიკის გარდა, ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი.
ხანძარი ლიკვიდირებულია, მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება. უსაფრთხოების მიზნით, მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრე-მაშველები ტერიტორიას მონიტორინგს გაუწევენ.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ცეცხლი ავჭალაში შემოვლითი გზის მიმდებარედ, შუადღით გაჩნდა. იმის გამო რომ ფერდი მიუვალია, ადგილზე მიახლოება უჭირთ მეხანძრე მაშველებს.
ხანძრის გამომწვევი ოფიციალური მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, რასაც ადგილობრივები "პირველებთან" ყვებიან, თავდაპირველად ცეცხლი სასაფლაოზე გაჩნდა და მიმდებარედ ბალახზე გავრცელდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლის დასახლებულ პუნქტში გავრცელების საფრთხე არ არსებობს .