ანი ქავთარაძეს სარფის საზღვარზე 19 ათასი დოლარი ჩამოართვეს - ოპოზიციონერი პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს

31.08.25 13:42
ანი ქავთარაძეს სარფის საზღვარზე 19 ათასი დოლარი ჩამოართვეს - ოპოზიციონერი პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს

ოპოზიციონერ პოლიტიკოს სარფის საზღვარზე 19 ათასი დოლარი ჩამოართვეს. ანი ქავთარაძეს დაუდეკლარირებელი თანხის შემოტანას ედავებიან.

სამთავრობო პროპაგანდა ამტკიცებს, რომ პარტია "ახლების" წევრს ეს თანხა არეულობის მოსაწყობად და ოპოზიციური აქტივობებისთვის სჭირდებოდა, თუმცა სულ სხვა რეალობაზე საუბრობს პოლიტიკოსის ოჯახი.

ქავთარაძეების ოჯახმა აგვისტოს დასაწყისში თბილისში მანქანა გაყიდა და გერმანიაში ახალი ავტომობილის საყიდლად წავიდა. ნაღდი ფულით ავტომობილი ევროპაში ვერ იყიდეს, ამიტომ მეგობრებს თბილისიდან გადაარიცხინეს თანხა. ოჯახის თქმით, 19 ათასი დოლარი სწორედ გამოუყენებელი ფულია, რომელიც ვალების დაფარვას უნდა მოხმარებოდა, მაგრამ მასზე წვდობა ახლა შემოსავლების სამსახურს აქვს.

ანი ქავთარაძე "პირველებთან" მომხდარს დეტალურად იხსენებს და ამბობს, რომ არანაირ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია. 

ძალიან კარგად ვიცოდით, რომ თითოეულ ადამიანს შეუძლია 30 ათასი ლარის ან მისი ექვივალენტი უცხოურ ვალუტაში გადმოიტანოს საზღვარზე და ეს თანხა სრულად შეესაბამებოდა კანონით გათვალისწინებულ ნორმას და შესაბამისად, არ საჭიროებდა დეკლარირებას, მაგრამ მათ არ მიიღეს მხედველობაში ის, რომ ჩემი მეუღლე საზღვარს კვეთდა ოჯახთან ერთად. დამცინავად, აგებულად მიმართეს, რომ გასაყიდად მოჰყავდა მანქანა. არ გადაამოწმეს გავიარე თუ არა მე სასაზღვრო კონტროლი, ვინ იყო მისი მეუღლე ან შვილები, ვისთან ერთადაც კვეთდა საზღვარს. მე აბსოლუტურ ინფორმაციულ ვაკუუმში დაახლოებით საათნახევარი გარეთ ვიდექი ბავშვებთან ერთად, რომლებსაც შიოდათ, სწყუროდათ და ყველა ის საშუალება, რაც ბავშვებს სჭირდებოდათ, მანქანაში იყო. ჩემს მეუღლეს არ მისცეს საშუალება, რომ ეტლი გამოედოდებინა ბავშვის და მხოლოდ მას მერე, რაც ავტეხე ერთი ამბავი ამასთან დაკავშირებით, შემიყვანეს უკვე საბაჟოს ტერიტორიაზე, სადაც ჩემი მეუღლე იმყოფებოდა, რომელსაც ასევე ჩაურტყეს საპასოპრტო კონრტოლი იმისთვის, რომ უკან არ გაბრუნებულიყო და დაუფიქსირეს უკვე სამართალდარღვევა და მეთელი 5 საათის მანძილზე ისინი არ მალავდნენ, რომ ელოდებოდნენ დიერქტივას თბილისიდან, - ამბობს ანი ქავთარაძე. 

ქავთარაძე ახლა შემოსავლების სამსახურთან სამართლებრივ დავას გეგმავს. პოლიტიკოსის შეფასებით, განცხადება, რომელიც შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა, მისი და მისი ოჯახის გაშავებას ემსახურება. 

ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება იყო პოლიტიკურად მოტივირებული, გაამყარა მეორე დღეს შემოსავლების მიერ გაკეთებულმა განცადებამ ამ კონკრეტულ თანხასთან დაკავშირებით, სადაც მოიხსენიებს ჩემს მეუღლეს ინიციალებით და მე და ჩემს შვილებს, ანუ ჩემი მეუღლის ოაჯხს საერთოდ არ ახსენებს. იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელიც რამდენიმე საათის მანძილზე იყო შექმნილი სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, რაც შემდგომ უვე პროპაგანდისტულმა მედიამ ჩემი სურათით გაავრცელეს აქტიურად, თითქოს ეს ფული იყო გარკვეული არეულობისთვის შემოტანილი საქართველოს ტერიტორიაზე, რაც, ჯერ ერთი, არის მიზერული თანხა იმისთვის, რომ რაიმე ტიპის პროცესი აწარმოო საერთოდ, მაგრამ ამავდროულად არის აბსოლუტურად აბსურდული, იმიტომ, რომ ეს იყო ოჯახის კუთვნილი თანხა და ვერანაირად ვერ იქნებოდა სხვა რაიმე საქმისთვის გამოყენებული. რა თქმა უნდა, ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული. ისინი ამოწმებდნენ ვინ ფლობდა ამ თანხას, ვინ ვიყავით ჩვენ და საბოლოო ჯამში, მიღებული იქნა ასეთი გადაწყვეტილება, ყველაზე მკაცრი ზომა, რაც კი შეიძლებოდა, მიეღოთ. მაგრამ, ამის პარალელურად, მათ, რა თქმა უნდა, დაარღვიეს არასრუწლოვნების უფლებები იმის გარდა, რომ დაარღვიეს ამ ქვეყნის სრულწლოვანი მოქალაქის უფლებები. ამას ჩვენ აუცილებლად, სამართლებრივად ყველა ინსტანციაში მივყვებით ბოლომდე, - ამბობს ქავთარაძე.