ონლაინ მედია კრიზისშია: „ფინანსური მხარდაჭერის გარეშე ვერ გადავრჩებით“
რეგიონული ონლაინ მედია „სამხრეთის კარიბჭე“ ფინანსური კრიზისის გამო შესაძლოა ოფისის გარეშე დარჩეს. გამოცემის დირექტორის, გულო კოხოძის თქმით, 12-კაციანი გუნდი ივნისიდან უხელფასოდ მუშაობს და მხოლოდ ვებგვერდის გადასახადებს ფარავს რეკლამიდან შემოსული მცირე თანხით. „ვიმუშავებთ მოხალისეობრივად, მაგრამ ასე დიდხანს ვერ გავძლებთ,“ – ამბობს კოხოძე.
ადგილობრივები ყოველდღე მიმართავენ რედაქციას, თუმცა ორ-სამ თვეში შესაძლოა მისი კარი დაიკეტოს, რადგან ქირის ფული აღარ არსებობს.
Sknews.ge ქართულ-სომხურ ენებზე მუშაობს და ხშირად აშუქებს ისეთ თემებს, რომლებსაც ცენტრალური მედია უგულებელყოფს - მუსლიმი მესხების, ეთნიკური სომხების თუ კათოლიკეების პრობლემებს.
მედია „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ კამპანიას შეუერთდა და დროებითი მხარდაჭერა მიიღო, თუმცა როგორც ჟურნალისტური გაერთიანებების წარმომადგენლები აცხადებენ, ეს საკმარისი არ არის.
„ბევრი რეგიონული მედია უკვე იხურება. ფინანსური მხარდაჭერის გარეშე გადარჩენა შეუძლებელია,“ – ამბობს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორი ნათია კუპრაშვილი.
მისი თქმით, მედიას სჭირდება პირდაპირი ფინანსური დახმარება და ბიზნესის მხარდაჭერა, რადგან არსებული პირობებით რედაქციები ყოველდღე გადარჩენისთვის იბრძვიან.