უკანონო მშენებლობების ბუმი ბახმაროში - ვინ არის პასუხისმგებელი?

31.08.25 20:33
უკანონო მშენებლობების ბუმი ბახმაროში - ვინ არის პასუხისმგებელი?

ბახმაროში უკანონო მშენებლობების თემა ისევ აქტუალურია.
ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე პასუხისმგებლობას იშორებს და აცხადებს, რომ საკითხი ბახმაროს ადმინისტრაციის კომპეტენციაა, თუმცა ფაქტია – ის ჯერ კიდევ 4 წლის წინ ჩოხატაურის მერი იყო და საუკეთესოდ უნდა იცოდეს, ვინ და რა პირობებში აშენებს კოტეჯებს უკანონოდ. თავადაც ადასტურებს, რომ მაშინ 900-მდე უკანონო სახლი აღრიცხეს, თუმცა რა რეაგირება მოჰყვა, პასუხი არ აქვს.

ოფიციალური მონაცემებით, დღეს ბახმაროში უკვე 1000-ზე მეტი უკანონო სახლი დგას. ამის შესახებ ინფორმირებულია როგორც ადგილობრივი ხელისუფლება, ისე საგამოძიებო უწყებები, თუმცა რეალური ნაბიჯები თითქმის არ ჩანს – დაწყებული სამართლებრივი პროცესები მხოლოდ ფორმალურად მიმდინარეობს. შედეგად, უკანონო სახლები სახელმწიფოს მიწაზე დღემდე დგას, ხოლო მშენებლობების ბუმი გრძელდება.

ადგილობრივები ამბობენ, რომ „ყველა მხრიდან აუშენეს სახლები და სივრცე აღარ დარჩათ.“

ამავდროულად, „ტვ პირველის“ მიერ მოპოვებული სკანდალური მიმოწერები და ჟურნალისტური ექსპერიმენტი ადასტურებდა, რომ ჩოხატაურის მერის თანაშემწე თავად ფლობდა უკანონოდ აშენებულ კოტეჯს და აქირავებდა. სწორედ ამიტომ, ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ უკანონო მშენებლობების უკან „ქართული ოცნებასთან“ დაახლოებული პირები დგანან და პროკურატურა სავარაუდო დანაშაულზე რეაგირებას არ ახდენს.

ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები