რუსული პასპორტიზაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე: მოსკოვი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში პროცედურას დღეიდან აამოქმედებს
აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ მცხოვრები მოქალაქეები 1 სექტემბრიდან რუსული პასპორტების მიღებას უშუალოდ ადგილზე შეძლებენ.
17 ივლისს ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ მცხოვრებ, რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირებს საშუალებას აძლევს, საჭირო დოკუმენტები პირდაპირ ამ ტერიტორიებზე მიიღონ. დოკუმენტი ძალაში იმავე დღეს შევიდა და მოქმედებს 2028 წლის 1 აგვისტომდე. რუსეთის მთავრობას დაევალა დოკუმენტების გაცემის პროცედურის ჩამოყალიბება, რაც გულისხმობს, რომ უფლებამოსილი პირები პასპორტებს ადგილზე გასცემენ.
ეს ინიციატივა აგრძელებს პუტინის მიერ 17 მაისს მიღებულ წინა გადაწყვეტილებას, რომელმაც მნიშვნელოვნად გაამარტივა რუსეთის მოქალაქეობის მიღების წესები აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ მცხოვრები ადამიანებისთვის. ახალი რეგულაციების თანახმად, რუსეთის პასპორტის მისაღებად აღარ არის საჭირო ხუთწლიანი ცხოვრების სტაჟი რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე რუსული ენის, ისტორიისა და კანონმდებლობის ცოდნის დადასტურება.