ზინოვკინას ადვოკატი მოსამართლეს: გთხოვთ, თვალები არ დაიბრმავოთ!

01.09.25 14:57
ზინოვკინას ადვოკატი მოსამართლეს: გთხოვთ, თვალები არ დაიბრმავოთ!

"ანასტასია ზინოვკინა პროცესზე არ ჯდება, ფეხზე დგას. ახირება კი არ არის, ხერხემალი სტკივა და ვერ ჯდება"- ამ წიტყვებით მიმართა ნარკოდანაშაულში ბრალდებული ქალის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს. 

უფლებადამცველი დაინტერესდა, "რა გააფთრებულ ქინააღმდეგობას სწევდა [ანასტასია ზინოვკინა] ისეთს, რომ ტელეფონით ერთ წუთამდე გადაღება ვერ შეძლეს პოლიციელბმა?". 

"მიმოვიხილოთ ის მტკიცებულებები, რაც ამ საქმეში არ არის. არ არის, თუმცა, პატივცემულო მოსამართლევ, მე მინდა მოგიწოდოთ, რომ თქვენ ისინი დაინახოთ.

დაინახოთ იმიტომ, რომ ეს მტკიცებულებები საქმეში თქვენ გამო არ არის, ბრალდების მხარის გამო არ არის. თქვენ გამო იმიტომ, რომ პოლიციის ფორმიანებმა იციან, რომ სასამართლო სამართალს კი არა, მხოლოდ ნაკერი საქმეების სისქეს მიაქცევს ყურადღებას. იმიტომ, რომ თქვენ არ მიეცით ამ უდანაშაულო ადამიანებს საშუალება, დაეცვათ თავი და წარმოედგინათ მტკიცებულებები.

1. არ არის კადრები, რომლებიც დაკავების ადგილზეა გადაღებული სათვალთვალო კამერების მიერ. სათათბიროდ რომ გახვალთ, დაატრიალეთ გონებაში ეს კადრები. ეს ადამიანები მანქანაში ჰყავდათ დაკავებული და ნარკოტიკებს უდებდნენ. სასამართლომ აბსოლუტურად სამარცხვნოდ თქვა უარი ამ კადრების გამოთხოვაზე.

2. ამ საქმეში არ არის ადგილზე მყოფი მოწმეების ჩვენებები. მათ შორის, ვინც მობილურით სცადა გადაღება და პოლიციამ იქიდან გააძევა. დაცვის მხარემ ამოწურა ყველა შესაძლებლობა ამ ადამიანების საპოვნელად. ფულადი ჯილდოც კი გამოცხადდა. მაგრამ ვერ ვიპოვეთ, იმიტომ, რომ პოლიციამ ისინი გაყარა. სათათბიროდ რომ გახვალთ, უნდა გაიაზროთ, რას იტყოდნენ ეს ადამიანები სასამართლოში.

3. ამ საქმეში არ არის ტაქსის მძღოლის ჩვენება, რომელიც ასევე პოლიციამ გააგდო, შეშინებული კაცი. არ არის პოლიტპატიმრების გადაადგილების მარშრუტები. ესეც უნდა დაინახოთ, როცა სათათბიროდ გახვალთ. არ არის ტელეფონების ჩანაწერები.

4. ამ საქმეში არ არის ბინის ჩხრეკის დროს, ბინაში შესვლისა და ნარკოტიკების დადების კადრები - თქვენ ამ კადრებს გონებაში უნდა ატრიალებდეთ. ამ საქმეში არ არის ობიექტურ მოწმეთა ჩვენებები - თქვენ ამ ჩვენებებს უნდა კითხულობდეთ"- თქვა ადვოკარმა. 

შოთა თუთბერიძემ  მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს მიმართა და უთხრა, რომ "თვალს ნუ დაიბრმავებს": 

"ასი წლის წინ, ერთმა შავკანიანი ამერიკელმა პოეტმა, ლენგსტონ ჰიუზმა, თავადაც დისკრიმინაციის მსხვერპლმა, ერთტაეპიანი ლექსი დაწერა, რომელიც იმედგაცრუებული ადამიანის ლექსია. 
ლექსი ეხება „Scottsboro Boys trial“, როცა შავკანიანი თინეიჯერები ორი თეთრკანიანი ქალის გაუპატიურების ბრალდებით გაასამართლეს. იმის მიუხედავად, რომ მყარი მტკიცებულება არ არსებობდა და ბრალდებულების უდანაშაულობა ყველასთვის ცხადი იყო, ნაფიცმა მსაჯულებმა, რომლებშიც ყველა წევრი თეთრკანიანი იყო, ისინი გაამტყუნეს და რვა მათგანი სიკვდილით დაისაჯა. ეს საქმე და პროცესი სამართლის მნიშვნელოვანი გაკვეთილია მან უდიდესი გავლენა მოახდინა სამართლის შემდეგ განვითარებაზე.
პროფესიული თარგმანი, სამწუხაროდ, ვერ ვიპოვე, თუმცა, უხეშად, ლექსი ასე ჟღერს:
„სამართალი რომ ბრმაა ქალღმერთი,
ეს, ჩვენ, აქ, ყველამ მშვენივრად ვიცით,
მისი სახვევი კი ფარავს წყლულებს,
რომლებიც იყვნენ თვალები მისი.“
ქალბატონო ნინო, მიუხედავად იმისა, რომ თემიდას სახვევი აქვს აფარებული, მას ეს სახვევი წყლულებზე არ აქვს. მე გთხოვთ, რომ თვალები არ დაიბრმავოთ. ვერ მოგატყუებთ, რომ თქვენგან დიდი მოლოდინი მაქვს, მაგრამ რამდენჯერაც არ მომიწიოს დარბაზში თქვენთან შეხვედრა, ყველა ჯერზე გთხოვთ, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოთ და ყველა ჯერზე მექნება იმედი, რომ თქვენი მეგზური იქნება კანონი, თქვენი შინაგანი რწმენა და დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი"- თქვა მან. 

მომზადებულია "ნეტგაზეთი"-ის მიხედვით.  

მსგავსი სიახლეები