"მაგისტრ მოსამართლესთან დავიკითხები ამ საქმესთან დაკავშირებით" - ნინო დოლიძის პირველი კომენტარი
"სამართლიანი არჩევნების" ყოფილი ხელმძღვანელი პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა. ნინო დოლიძის თხოვნით, ის მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხება.
ნინო დოლიძის განცხადებით, ის მზად არის ყველა კითხვას უპასუხოს. მისი თქმით, "საერთოდ კითხვაც კი არ არის დასასმელი ისეთი აბსურდულია პირბადეების გამო ორგანიზაციის დაყადაღება".
დიახ, დამირეკეს ცოტა ხნის წინ პროკურატურიდან და ჩემი თხოვნა იყო, რომ მაგისტრ მოსამართლესთან დავიკითხები ამ საქმესთან დაკავშირებით და ზოგადად იცით, რომ ეს არის იმის გაგრძელება რასაც ჩვენ ვუყურებთ, სამოქალაქო ორგანიზაციების დევნასთან დაკავშირებით. აბსოლუტურად აბსურდულია ის არგუმენტი, რომელიც ჩვენ პროკურატურის მხრიდან ვიხილეთ, ორგანიზაციების და მათ შორის, ISFED-ის დაყადაღებასთან დაკავშირებით.
ვნახოთ რა კითხვები ექნებათ, რა თქმა უნდა, მზად ვართ ყველა კითხვას ვუპასუხოთ და მე მგონია, რომ საერთოდ კითხვაც კი არ არის დასასმელი ისეთი აბსურდულია პირბადეების გამო ორგანიზაციის დაყადაღება, თან რაღაც ერთეული რაოდენობა, რომელიც ორგანიზაციას სჭირდებოდა საკუთარი თანამშრომლებისთვის, რომლებიც ველზე მუშაობდნენ: მონიტორინგს უწევდნენ, ეხმარებოდნენ ადამიანებს და ა.შ..
ვნახოთ, უცნაურია, მაგრამ არაფერი გვიკვირს. ეს არის კიდევ ერთხელ იმის გაგრძელება, ჯერ "რუსული კანონები" იმისთვის, რომ პრობლემები შეექმნათ ქართული სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის და ახლა ეს იმისთვის, რომ საბოლოოდ ვეღარ გააგრძელონ მუშაობა ორგანიზაციებმა... ვნახოთ რა კითხვებიც იქნება რა თქმა უნდა საზოგადოებას მივაწვდი ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით," - განაცხადა ნინო დოლიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს გენერალური პროკურატურის დღევანდელი განცხადებით, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები გამოკიხვაზე დაიბარეს. განცხადების მიხედვით, NGO-ების ხელმძღვანელებს, გამოკითხვაზე "საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გასარკვევად" იბარებენ.