თბილისობა წინასწარ აღნიშვნით - ღონისძიება დედაქალაქის ბიუჯეტს 3 439 000 ლარი დაუჯდება

01.09.25 21:01
თბილისობა წინასწარ აღნიშვნით - ღონისძიება დედაქალაქის ბიუჯეტს 3 439 000 ლარი დაუჯდება

თბილისობა წინასწარ აღნიშვნით - დღესასწაული კახა კალაძემ 20 სექტემბერს გადმოწია. ღონისძიება, რომელიც 1979 წლიდან ტრადიციულად ოქტომბრის ბოლოს ტარდებოდა, ჯერ ოქტომბრის დასაწყისში გადმოიტანეს, ახლა კი საერთოდ თარიღი ისე შეცვალეს, რომ დედაქალაქში მოსახლეობის შეკრება და ზეიმი ბიუჯეტის ხარჯზე არჩევნებამდე მოესწროს. ოპოზიცია კალაძის ამ ნაბიჯის უკან სწორედ პარტიულ მიზნებს ხედავს.

თბილისობა დედაქალაქის ბიუჯეტს 3 მილიონ 439 ათასი ლარი დაუჯდება. ირაკლი კობახიძემ უკვე მოაწერა ხელი განკარგულებას, რომლითაც კალაძემ მილიონების კონკურსის გარეშე დახარჯვის უფლება მიიღო. რაც ნიშნავს, რომ ორ დღიან დღესასწაულს ისე გამართავენ, რომ კომპანიებს უტენდეროდ თავად მერია შეარჩევს, გამარტივებული წესით შესყიდვა კი ბიუჯეტის ხარჯთან ერთად კორუფციის რისკებსაც ზრდის.

დედაქალაქში, რომელიც სოციალური გამოწვევებითაა სავსე, 3 მლნ წინასაარჩევნო პერიოდში დიდი დღესასწაულისთვის გამოინახა. ოპოზიცია ფიქრობს, რომ საქმე ხალხის მოსყიდვასთან გვაქვს და კახა კალაძე თბილისობასაც ამომრჩევლის გულის მოსაგებად გამოიყენებს, თუ ასეთი თავდაჯერებულია გამარჯვებაში, შეეძლო არჩევნებს დალოდებოდა და თბილისობა ორი კვირით წინ არ გადმოეტანა.

კალაძე მილიონების კონკურსის გარეშე ხარჯვაში პრობლემას ვერ ხედავს. ამტკიცებს, რომ მომღერლებს ტენდერით ვერ შეარჩევს, არადა ბუნებრივია, 3 მლნ-ზე მეტი მხოლოდ მომღერლების მომსახურებას არ სჭირდება და თანხის დაზოგვა ღონისძიების სხვა დეტალებზეც შესაძლებელია. 

დეტალები ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში