საქმე ევროსასამართლოში წავა - საბა სხვიტარიძის ადვოკატის პირველი კომენტარი
"აუცილებელია, რომ უდანაშაულო ადამიანმა დატოვოს დაწესებულება. ეს არის სრული გამარჯვება"- ამის შესახებ "პირველებთან" სინდისის პატიმრის ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ისინი არ აღიარებენ არც ნაწილობრივ, არც ნახევრად გამარჯვებას.
-
აქტივისტს პროკურატურა 24 ივლისამდე ედავებოდა „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას“. ეს ბრალდება 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
-
24 ივლისს პროკურატურამ საბა სხვიტარიძეს ბრალდება შეამსუბუქა და აქტივისტს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდნენ. ეს მუხლი გულისხმობს „ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას“, რამაც ჯანმრთელობის „ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია“. ისჯება ჯარიმით, 6 თვემდე გამასწორებელი სამუშაოთი, 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობით ან 3 წლამდე პატიმრობით.
ადვოკატის განცხადებით, საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში წავა და შედეგი დადგება იმ პირების მიმართ, " ვინც ორკესტირებულად მიიღო მონაწილეობა საბას წამებაში".
ყველამ უნდა გაითვალისწინოს ის კონტექსტი, რაც არის. კონტექსტი არის ის, რაც საბა სხვიტარიძემ საბოლოო სიტყვაში ისაუბრა. ეს იყო წამება და არაადამიანური მოპყრობა სახელებით და გვარებით და ყველამ უნდა გაითვალისწინოს კონტექსტი. გადაწყვეტილების მიღების დროს, როდესაც პირი დაექვემდებარა მტკიცებულებების მოპოვების დროს წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას, სასამართლომ საერთოდ არ უნდა გაითვალისწინოს იქ მოპოვებული არსებითი მტკიცებულებები, ვინაიდან ეს დაარღვევს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას და კონვენციის მე-6 მუხლს.
რაც შეეხება დასაბუთებას, ჩვენ ვნახეთ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები, ჩვენ ვნახეთ ვიდეოჩანაწერი, სადაც თავად პოლიციის ნიღბიანი პირები თავს ესხმიან მშვიდობიან მოქალაქეებს, ძალადობენ ქალებზე შემთხვევის ადგილზე და ამის შემდეგ ეს ადმაიანები დადიან ქუჩაში თავისუფლად, მაგრამ საბა სხვიტარიძეს მიესაჯა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა. არავინ იფიქროს, რომ ის, რომ 11 წელი არ მიესაჯა და ჩვენ ყველაფერი შევძელით იმისთვის, რომ დიდი ნაწილი ბრალდების მოეხსნა ბრალდების მხხარეს და მეტი გზა არ დარჩენოდა, ეს არის გამარჯვება. ეს არ არის გამარჯვება. გამარჯვება იქნება მაშინ, როდესაც საბა სხვიტარიძე დატოვებს პენიტენციურ დაწესებულებას. ჩვენ არ ვაღიარებთ არც ნაწილობრივ, არც ნახევრად გამარჯვებას. აუცილებელია, რომ უდანაშაულო ადამიანმა დატოვოს დაწესებულება. ეს არის სრული გამარჯვება.
არავის ჰქონდეს იმედი, რომ ეს საქმე ევროსასამართლოში არ წავა და არ დადგინდება დამრღვევ პირთა რაოდენობა, იმიტომ, რომ პრაქტიკა ცხადყოფს, რომ საერთოდ, ბრალდებულმა არ უნდა იცოდეს იმ შენობაში არსებული სართულების განლაგებები, საბა სხვიტარიძემ იცოდა ეს განლაგებები მაშინ, როდესაც პოლიციელები ამბობენ, რომ იმ ის არ ყოფილა იმ კონკრეტულ სართულზე, რომელზეც ძალადობა განხორციელდა. ამიტომ, საბა სხვიტარიძეს ვერ დაესიზმრებოდა ეს, პირველ დღესვე განაცხადა და ლოგიკურია, რომ მოქალაქემ არ უნდა იცოდეს პოლიციის შენობის და კაბინეტების განლაგება, ამიტომ ამ სასქმეზე დადგება შედეგი. შედეგი დღეს იქნება თუ ხვალ იქნება, ძალიან მძიმე იქნება ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ორკესტირებულად მიიღო მონაწილეობა საბას წამებაში, - ამბობს ჩომახაშვილი.
პროევროპული აქციების მსვლელობისას დაკავებულ აქტივისტს, საბა სხვიტარიძეს, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ის მოსამართლემ სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას) პირველი ნაწილით სცნო დამნაშავედ.