"ჯალათეა!"- გიორგი ბაჩიაშვილი თეა წულუკიანს ციხიდან მიმართავს

03.09.25 14:10
"ჯალათეა!"- გიორგი ბაჩიაშვილი თეა წულუკიანს ციხიდან მიმართავს

"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელი, პატიმრობაში მყოფი გიორგი ბაჩიაშვილი ციხიდან მიმართვას ავრცელებს. 

"ქვეყნის გაოფიციალურებული ღალატი პარლამენტის ტრიბუნიდან..."- ასე აფასებს ბიზნესმენი თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით შედგენილ 460-გვერდიან ანგარიშს, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში წინა ხელისუფლებაა დაადანაშაულებული. 

გიორგი ბაჩიაშვილი ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს, რომ  "გუშინ საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო დღე იყო". 

პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენი იუსტიციის ყოფილ მინისტრს "ჯალათეას" უწოდებს და აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" წევრმა, სულ რომ მთელი ბიბლიოთეკა გადაწვას, ქართველები ისტორიის გადაწერას არ დაუშვებენ.

გიორგი ბაჩიაშვილის მიმართვის ადრესატები პოლიტიკოსები, არიან, ვისთვისაც მისი თქმით, საქართველოს ბედი არ არის სულ ერთი.

"ქართველ ხალხს სჭირდება ერთობა"- აღნიშნავს "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელი.

"ქვეყნის გაოფიციალურებული ღალატი პარლამენტის ტრიბუნიდან... საპატიმროში გაშვებული უამრავი ახალგაზრდა ...

ქალების მასიურად დაჭერაზე გადასული რეჟიმი და გაეროში გაგზავნილი ინციტატუსი...

ქალბატონო თეა, სულ რომ მთელი ბიბლიოთეკა გადაწვათ და თავიდან გამოსცეთ, ახალგაზრდების გულიდან „ჯალათეას“ ვერ ამოშლით... ან რა უნდა დაწეროთ ახალ სახელმძღვანელოში? გამოგონილ „ომის პარტიას“ რომ ებრძოდით და ამ ბრძოლაში როგორ ასახიჩხრებდით ქართველ ახალგაზრდებს? თუ სიხარბეს და ეჭვიანობას შეწირულ თანაგუნდელებს ორდენებს როგორ ურიგებდით? ჩემი თხოვნა იქნება, რომ ეგ თქვენი 400 გვერდიანი ნაშრომი ეგებ რუსულად გამოსცეთ.

რით ვერ ხვდებით რომ ქართველს დაჭერით ვერ გააჩუმებთ, სტალინმა საქართველო ვერც დაჭერით, ვერც დახვრეტით და ვერც გადასახლებით ვერ გააჩუმა. ასს დაიჭერთ ?

ზღვა გამოვა!

მსურს ასევე მივმართო ყველა პოლიტიკოსს, ვისთვისაც საქართველოს ბედი არ არის სულ ერთი. ქართველ ხალხს სჭირდება ერთობა. ერთობა იმ მთავარ მიზანში, რასაც საქართველოს ცივილურ ორბიტაზე დაბრუნება ჰქვია. მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს და ნუ ვუღალატებთ დემოკრატიის მთავარ პრინციპებს. მივიდეთ ყველანი 4 ოქტომბრის არჩევნებზე და შემდეგ ერთად დავიცვათ ჩვენი ევროპული მომავალი, ამით ერთმანეთს მხოლოდ გავაძლიერებთ.

ჩემი სრული და გულითადი მხარდაჭერა ყველა მამაც და საამაყო ახალგაზრდას, ყველა პოლიტპატიმარს, მათ ოჯახებს და ჩვენი ქვეყნის ყველა ნამდვილ პატრიოტს.

ბრძოლა გრძელდება... ქართული ოცნება ის ბოლო ტალახია, რომელიც საბჭოთა კავშირმა გვესროლა და ამ ტალახს ქართველი ერი სახელოვნად ჩამოირეცხავს. გახსოვდეთ, ჩვენ გვაქვს ის, რაც მათ არ აქვთ - ჩვენ გვაქვს სიყვარული"- წერს ბაჩიაშვილი.