საქართველოს მოქალაქეებო, სად ხართ? - დათაშვილის წერილი ციხიდან
საქართველოს მოქალაქეებო, სად ხართ? რატომ არ დგახართ რუსთაველზე ათასობით და ასიათასობით? - ამ კითხვით მიმართავს პატიმრობაში მყოფი მასწავლებელი ნინო დათაშვილი თანამოქალაქეებს. დათაშვილი საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ რუსთაველზე არდგომა ახლა ქვეყნის წინაშე დანაშაულს უდრის.
საქართველოს მოქალაქეებო, სად ხართ? რატომ არ დგახართ რუსთაველზე ათასობით და ასიათასობით? რატომ უწევთ ჭიდაობა სამოქალაქო აქტივისტებს რუსთაველის გადასაკეტად? ეს ქვეყანა თქვენი არაა?
ისტორია გადაგიწერეს, ომი საქართველომ დაიწყოო. ვარდების რევოლუცია გადატრიალება იყოო, ისტორიის სახელმძღვანელოები უნდა შევცვალოთო. სახელმწიფოებრივ ღალატს პირდაპირ ეთერში ჩადიან. თქვენ სად ხართ?
ადამიანები ციხეში ვსხედვართ და ციხეს ვუძლებთ. რუსთაველზე არ დგომა დანაშაულია ქვეყნის წინაშე. ანტონ ჩეჩინს, რომელსაც 8.5 წელი მიუსაჯეს, რუსეთში ექსტრადირება ემუქრება. ესაა ტრაგედია. ეს არ უნდა დავუშვათ!
ყველაზე აუტანელი ციხეში ყოფნა ჩემთვის იმიტომ არის, რომ ვერ გავდივარ რუსთაველზე. გთხოვთ, ჩემს მაგივრად მაინც გადით", - წერს ნინო დათაშვილი.