"პოლიციელები არ ძალადობენ მოქალაქეებზე" - რას ამბობენ აქტივისტი ქალების დამკავებელი სამართალდამცავები
პოლიცია ამტკიცებს, რომ გუშინ, აქტივისტების დაკავების დროს, მათი მხრიდან ძალის გადამეტებას ან რაიმე გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. სამართალდამცველები ხელს აქციის მონაწილეებისკენ იშვერენ და ირწმუნებიან, რომ მათ კანონი დაარღვიეს და პოლიციელების კანონიერ ბრძანებას არ დაემორჩილნენ.
ჩვენ არ ვეთანხმებით. თუ რაიმე მტკიცცებულება და საფუძველი აქვთ, მიმართონ შესაბამის ორგანოებს. ყველა მათგანი დაკავებულია პოლიციელის წინააღმდეგობაზე, ყველა მათგანი კეტავდა საავტომობილო მოძრაობას და ზოგიერთი მათგანი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას პოლიციელებს და ყველა მათგანი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, - ამბობს პოლიციელი.
კიდევ ერთი პოლიციელი ამკიცებს, რომ "სამართლდამცველები მოქალაქეებზე არასდროს ძალადობენ".
პოლიციელები მოქალაქეებზე არ ძალადობენ, პირველ რიგში, აქედან დავიწყოთ. მე არ მინახავს (ძალადობა), - ამბობს სამართალდამცველი.
რუსთაველის გამზირზე, პოლიციის მიერ გუშინ დაკავებულებს ხილული დაზიანებები აღენიშნებათ - ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაშია ნათქვამი.
ომბუდსმენი მიუთითებს, რომ რუსთაველზე დაკავებული 11 პირი პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ საუბრობს, რამდენიმეს აღენიშნება დაზიანებები, შეშუპებები, სიწითლე და სისხლნაჟღენთები.