Amnesty: "ოცნების" მთავრობა სასამართლოს განსხვავებული აზრის ჩასახშობად იყენებს
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი საქართველოში დემონსტრანტების მიმართ გამოტანილ ბოლო განაჩენებზე განცხადებას ავრცელებს.
ორგანიზაციის შეფასებით, მართლმსაჯულების სისტემა ბოროტად გამოიყენეს განსხვავებული აზრის ჩასახშობად.
„ანდრო ჭიჭინაძის, საბა სხვიტარიძისა და სხვების სასამართლო პროცესები ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს მთავრობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულებას მომიტინგეების დასასჯელად და განსხვავებული აზრის გასაჩუმებლად იყენებს,“ – განაცხადა ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორის მოადგილემ დენის კრივოშეევმა.
მისი თქმით, საქმეები არა მხოლოდ დემონსტრანტების დასჯას ემსახურება, არამედ ნამდვილ სამართლიანობას ართმევს იმ ადამიანებს, ვინც საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მხრიდან წამებისა და ძალადობის მსხვერპლი გახდა. ასეთ შემთხვევათა შორის "ამნესტი" სხვიტარიძის საქმესაც ასახელებს, რომელიც პოლიციელების მხრიდან ცემასა და ძალადობაზე საუბრობს.
Amnesty International-ის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააუქმოს ეს განაჩენები ან უზრუნველყოს სამართლიანი ხელახალი პროცესი.
„ყველა ადამიანი, ვინც დაკავებულია მხოლოდ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების გამო, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს,“ – წერია ორგანიზაციის 3 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
ბოლო ორ დღეში თბილისის საქალაქო სასამართლომ 21 დემონსტრანტს პატიმრობა მიუსაჯა, მათ შორის 19-ს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, ხოლო საბა სხვიტარიძეს, რომელიც საკუთარ თავს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლად მიიჩნევს, ცალკე განაჩენი შეეხო.